ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო პაკეტზე მუხლობრივად იმსჯელა. თამბაქოს მოხმარების რეგულირებაზე გადაცემაში "ანალიტიკა" JTI tobacco-ს კომუნიკაციების სპეციალისტმა ივა ხასიამ ისაუბრა.
-ბატნო ივა, კანონში ჩასაწერად რომელი მუხლებია კატეგორიულად მიუღებელი ინდუსტრიისთვის?
-ბიზნესისთვის ზოგადად გასაგები იყო, რომ მუშაობა მიმდინარეობდა თამბაქოს კონტროლის გარემოს გამკაცრების კუთხით, ანუ შინაარსობრივად ეს პრობლემას, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენდა. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ბიზნესი იზიარებს ამ შეხედულებებს და მზად არის, რომ ბიზნესის წარმოება გარკვეულ შეზღუდვების პირობებში გააგრძელოს. თუმცა ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მეორე მოსმენაზე გაჟღერდა. მანამდე ეს საკითხი საერთოდ არ ყოფილა ჩადებული კანონპროექტში. შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხის შემოტანა შემოპარვით მოხდა, ეს არის - სტანდარტიზებული შეფუთვის შესახებ ჩანაწერი, რომელიც თვისობრივად ცვლის კანონპროექტის არსს და მნიშვნელოვნად სცილდება თუნდაც იმ საერთაშორისო ვალდებულებებს და შიდა სახელმწიფო სტრატეგიებს, რომელიც ქვეყანაში აქამდე იყო შემოღებული. ცხადია, ბიზნესი შოკის ქვეშ ოპერირებას ვერ გააგრძელებს. ჩვენთვის გრძელვადიანი სტაბილურობაა მნიშვნელოვანი, რომ ვიხელმძღვანელოთ 2 და 3- წლიან პერიოდში როგორ განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა საქართველოში. ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია არსებობს თამბაქოს კონტროლის შესახებ, სადაც მთელი რიგი ღონისძიებებია გაწერილი, თუ როდის და რა მოცულობით უნდა ამოქმედდეს. ასევე ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე კონკრეტული ვალდებულება აქვს. რაც შეეხება შეფუთვაზე დიზაინის ცვლილებას ამ ვალდებულების მიხედვით, კოლოფზე დღესდღეობით არსებული 30% 65%-მდე უნდა გაზრდილიყო, რაზეც ჩვენ, რა თქმა უნდა, თანახმა ვიყავით. ეს მოლოდინი ბიზნესში იყო კიდეც და შესაბამისი გარდამავალი პერიოდის პირობებში ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა.
-სტანდარტიზებული შეფუთვა სხვა ტიპის პრობლემებს ქმნის და რა პრობლემებია ეს?
-უმთავრესი ის არის, რომ აქ პირდაპირ იზღუდება სასაქონლო ნიშნის გამოყენება პროდუქციაზე. არც ერთ ეტაპზე ბიზნესთან, ისევე როგორც სახელმწიფო ორგანოებთან, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გამართულა. ჩვენ ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნის დატანა კოლოფზე შეგვეზღუდება, მეტიც - თვითონ ბრენდის დასახელებაც კი მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე იქნება შესაძლებელი.
-აკრძალვის მომხრეების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ თუ კი აკრძალვები ხისტი, ყოვლისმომცველი და უკომპრომისო არ იქნება, მაშინ ვერ მიიღწევა ის მიზნები, რა მიზნებიც ამ კანონპროექტს აქვს...
-სტანდარტიზებულ შეფუთვას რომ დავუბრუნდეთ, ავსტრალიის მაგალითი გვაქვს, რომელმაც აღნიშნული შეზღუდა 2012 წელს მიიღო. საკმარისი პერიოდია გასული, რომ გავაანალიზოთ რა შედეგი მოიტანა სტანდარტიზებულმა შეფუთვამ ავსტრალიის მაგალითზე. ციფრები მეტყველებს, რომ მოწევის მაჩვენებელი უკანონო ვაჭრობასთან ერთად არის გაზრდილი. შედეგი სახეზეა ავსტრალიის მაგალითზე. ამის ვალდებულება ჩვენს ქვეყანას არ აქვს და აღნიშნული საკითხი არც ერთ ეტაპზე განხილული არ ყოფილა, არც სახელმწიფო ორგანოებთან და არც ბიზნესთან. კანონპროექტში ამ საკითხის ნაჩქარევად ჩადებაზე ისიც მეტყველებს, რომ ის გარდამავალი პერიოდი, რომელიც ამ ეტაპზე გაწერილია გულისხმობს, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ბაზარზე ნებისმიერი თამბაქოს პროდუქცია ამ სტანდარტიზებული შეფუთვის შესაბამისად უნდა იყოს წარმოებული. მათ რომ შესაბამის ექსპერტებთან მაინც გაევლოთ აღნიშნული საკითხი, ჯანდაცვის კომიტეტში ეცოდინებოდათ, რომ ეს ტექნიკურად შეუძლებელია. ეს უპირველესად იმ პრობლემას წარმოშობს, რომ ბაზარზე ფიზიკურად დიდი დეფიციტი გაჩნდება, რადგან ვერც ერთი მწარმოებელი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ასეთ მცირე ვადებში ვერ მოახერხებს ახალი საწარმოო პროცესის გადაწყობას, რომ ახალი სტანდარტის შესაბამისად მოხდეს წარმოება და აქ უკვე ბიუჯეტსაც მიადგება ზარალი. თუ ბაზარზე მოთხოვნა არის, მაშინ მიწოდება აუცილებლად გაჩნდება. თამბაქოს პროდუქცია აბსოლუტურად კანონიერი პროდუქციაა, ჩვენ გადასახადებს ვიხდით, რომელიც საქართველოს ბიუჯეტის დაახლოებით 8% შეადგენს და ეს 8% მხოლოდ აქციზისა და დღგ-ს გადასახადია, აღარ ვსაუბრობ სხვა ინვესტიციაზე, რაც ქვეყანაში განხორციელებულია. ბატონ აკაკი ზოიძეს თავად შეუძლია შემოსავლების სამსახურიდან საგადასახდო ინფორმაცია გამოითხოვოს და ნებისმიერი ის რიცხვი, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებთ, გადამოწმებადია და აბსოლუტურ სიზუსტეს შეესაბამება, ეს საჯარო ინფორმაციაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს, თუ რა თანხებია აქციზიდან და დღგ-დან შესული. ის ინფორმაცია კი, რომ ჩვენ თითქოს არასწორ ინფორმაციას ვაჟღერებთ სიმართლეს არ შესაბამება.
-გამოდის, რომ თქვენ ცოტა რეგულირებას ემხრობით და არა ბევრ რეგულირებას, რამდენად თანმიმდევრულები ხართ ამ მსჯელობაში?
-ქვეყნის წინაშე საერთაშორისო ვალდებულებები და სახელმწიფო სტრატეგიები არსებობს. თუ ქვეყანაში საერთაშორისო ვალდებულებების და სახელმწიფო დოკუმენტების უგულვებელყოფა ხდება, მაშინ ამ ყველაფერს რა აზრი აქვს. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ თანამიმდევრულობას ვითხოვთ. ბიზნესი კანონიერია, კანონიერ პროდუქციას ვაწარმოებთ და საშუალება გვინდა მოგვეცეს გრძელვადიან პერსპექტივაში ზუსტი მოლოდინები გვქონდეს. ჩვენი მოლოდინი, რაც პირველ კანონპროექტშიც იყო ჩადებული, ეს იყო გამაფრთხილებელი წარწერების გაზრდა 65%-მდე და სურათების დატანა, რაც ევროკავშირის მხრიდან არის მოთხოვნილი და ასევე ’’თამბაქოს შესახებ კანონში“ იყო გაწერილი. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნაა ამ გზას გავყვეთ. ჩვენ ამ საკითხს ვსწავლობთ, ამ ნორმის ასეთი სახით შემოღება გაურკვევლობას იწვევს, რადგან მისი წამოყენება მეორე მოსმენაზე სრულებით მოულოდნელი იყო. მარტივი მაგალითისთვის სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღების შემთხვევაში ჩანაწერია, რომ წარწერა მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა იყოს გაკეთებული და აქ რასთან გვაქვს საუბარი საერთოდ გაუგებარია. ამით ბრენდი უგულვებელყოფილია და ბევრი ტექნიკური ნიუანსია გაუგებარი იქიდან გამომდინარე, რომ ავტორები ჩქარობდნენ.