Home
Category
TV Live Menu

ჟურნალისტებისთვის გამართულ პრეს-ტურებზე ტურიზმის ადმინისტრაციამ 101 703 ლარი დახარჯა

5864b0cc0969c
ნინო კვინტრაძე
29.12.16 10:42
910
იმ ფაქტორებს შორის რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას ახდენს, ტურიზმი ერთ-ერთია რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ქვეყნის პოპულარიზაციაზე საკმაოდ სოლიდური თანხებიც იხარჯება, როგორც ქვეყნის გარეთ ასევე შიგნითაც. ბოლო წლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ერთ-ერთ პრიორიტეტად შიდა ტურიზმის განვითარებაც დაასახელა, რომელსაც როგორც ნაცნობ, ასევე ახალ მიმართულებებზე ვიზიტორების რიცხვი უნდა გაეზარდა. ამ მიზნით შეიქმნა პროექტი გაიცანი საქართველო, რომლის ფარგლებშიც ჯამში 11 პრეს ტური გაიმართა, - ჟურნალისტებისთვის საქართველოს გაცნობაზე სახელმწიფომ ჯამში 101 703,00 ლარი დახარჯა და მედიის წარმომადგენლები გაეცნენ სამცხე-ჯავახეთს, გურიას, თუშეთს, რაჭას, სამეგრელოს, ყაზბეგს, სვანეთს, - აღსანიშნავია რომ გაცნობითი ხასიათის ტურები ორჯერ შედგა კახეთსა და აჭარაში, - ანუ გამოდის, რომ მედიისთვის თითო ექსკურსია ტურიზმის ადმინისტრაციას დაახლოებით 10 000 ლარი დაუჯდა. შიდა ტურიზმით ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება არ ხდება, ტურიზმის ადმინისტრაცია კი იმედოვნებს, რომ ამ მიმართულების გაძლიერებით, მიღებული თანხა ქვეყანაში სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. დარგის წარმომადგენლები კი აქცენტს ორ საკითხზე აკეთებენ: ერთია თუ რამდენად სწორად ირჩევა მიმართულებები, რომლებსაც პოპულარიზაცია და გაცნობა სჭირდება, - მაგალითად კახეთი, სადაც პრესტური არაერთხელ გაიმართა და მეორე საკითხია თუ რატომ ხარჯავს ამ პროექტზე თანხას სახელმწიფო, და არა კერძო სექტორი.

"გაიცანი საქართველო სისტემურად რა შედეგის მომტანია ვერ ვხვდები, პროექტის ბევრად საინტერესო მოდელის შექმნა შეიძლებოდა და ეს არარის სახელმწიფოს საქმე და მას თავისუფლად შეუძლია ის გადააბაროს კერძო ორგანიზაციებს“, - აცხადებს გუდაური „ჰელი-სკის დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.

რა მოგვცა ამ პროექტმა?, - ამისთვის შიდა ტურიზმის ბოლო ორი წლის სტატისტიკას გადავხედოთ, - ქვეყნის შიგნით გადაადგილების მიზანს დასვენება და გართობა მხოლოდ ვიზიტორების საერთო რაოდენობის 18%-სთვის წარმოადგენს, თუმცა გასულ წელთან შედარებით, ეს ციფრი 4%-ით გაიზარდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მაგალითაც წლის მესამე კვარტალში, შიდა ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისზე, აჭარასა და იმერეთზე მოდის. საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა ტურისტულად ყველაზე დატვირთულ წლის მესამე კვარტალში, შემდეგი დინამიკით ხასიათდება, - თუკი 2014 წელს ეს ციფრი მილიონ 338 ათასს შეადგენდა , 2015 წელს მონაცემი მილიონ 158 ათასამდე შემცირდა, ხოლო წელს კი მილიონ 238 ათასი შეადგინა.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით დარჩენილ ფულს, - საშუალო თვიური ხარჯი ვიზიტზე 2016 წლის მესამე კვარტალში 160 მილიონს შეადგენდა, 2015 წელს 148 მილიონს, ხოლო 2014 წელს კი 163 მილიონს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, შიდა ტურიზმი ქვეყანაში ზრდის დინამიკით ხასიათდება: „შიდა ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შიდა ტურიზმი იზრდება და ამით ძალიან მოხარულები ვართ. სულ უფრო მეტ ადამიანს ვხვდებით საქართველოს იმ რეგიონებში სადაც ჩვენ ხშირად დავდივართ, მათ შორის „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში“.

რაც შეეხება ტურიზმის ადმინისტრაციის სხვა ხარჯებს, - ტურიზმის საერთაშორისო გამოფენებში წელს ჯამში 2 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, 11 გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, ინტერნეტ მარკეტინგულ კამპანიებზე კი ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში 17 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა, და შედეგად, საქართველოს შესახებ რეკლამა 16 ქვეყანაში განთავსდა, ზამთარში კი 12 ქვეყანაში. გარდა ქართული მედიისა საქართველო მოინახულა 600-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day