პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომ ექსპორტს" შორის მიღწეული შეთანხმებით "აღფრთოვანებული არაა", მაგრამ ფიქრობს, რომ უკეთესი პირობებით შეთანხმება შეუძლებელი იყო.
როგორც კაკულიამ "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების მასშტაბური მოთხოვნა ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს, მაგრამ ამ ეტაპზე ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში დაბარების აუცილებლობას ვერ ხედავს.
"როდესაც დავინახავ რაიმე მიზეზს ან ახალი ინფორმაცია გახდება ჩემთვის ცნობილი, მინისტრის მოსმენის საკითხს მეც დავაყენებ. ამ ეტაპზე არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ ენერგეტიკის სამინისტროს არგუმენტები არ მივიღო", - აცხადებს რომან კაკულია.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არც იმას უარყოფს, რომ ახალი შეთანხმება უფრო წამგებიანია, ვიდრე ტრანზიტის სანაცვლოდ გაზის ნატურით მიღება.
"მე ვიცი ის ადამიანები, ვინც მოალაპარაკებებში მონაწილეობდნენ და მათ მიმართ პრეტენზიები რომ მქონდეს, სულ მცირე უნდა ვფიქრობდე იმას, რომ ან მე შევძლებდი უფრო მეტს ან ის იდამიანები, ვინც დღეს პატრიოტული მოტივებით ლაპარაკობენ. ასეთი ხედვა მე არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, ამ ეტაპზე მეტის მიღწევა შეუძლებელი იყო. სამწუხაროდ, ეს არის რუსეთი და ჩვენ არჩევანის ალტერნატივა არ გვქონდა", - აცხადებს კაკულია.
მისივე თქმით, მთავრობაში არავინ ამბობს იმას, რომ ეს იყო მომგებიანი გადაწყვეტილება.
"რა თქმა უნდა, მეც მივესალმებოდი და უფრო კომფორტულად ვიგრძნობდი თავს რომ იგივე ხელშეკრულება მიგვეღო და შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.