ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ავტოტრანსპორტის სამმართველოს წარმომადგენლებმა კომპანია Uber-ს კალიფორნიის გზებზე უპილოტო ტაქსების სერვისის ტესტირების ნებართვა მისცა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Associated Press.
როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში კომპანია Uber შვედური ავტოკონცერნის Volvo-ს ორ ავტოპილოტის ფუნქციის მქონე SUV -ს გამოიყენებს.
კალიფორნიის მთავრობამ ნებართვა ერთი პირობით გასცა: გამოსაცდელ ავტომობილებში აუცილებლად უნდა ისხდნენ თანამშრომლები, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევები თავიდან აირიდონ. ასეთი უფლება 48 ადამიანმა მიიღო, რომლებიც ავტომობილის მოძრაობის დროს საჭესთან ისხდებიან რაიმე პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში ზომების მყისიერად მისაღებად.
ასევე აღსანიშნავია, რომ ტესტირებისთვის Volvo -ს კროსოვერები სპეციალური რადარებით, გადამცემებით და ვიდეო კამერებით იქნება აღჭურვილი.
კომპანიაში ზუსტ თარიღს, თუ როდის დაიწყებენ უპილოტო ტაქსების ტესტირებას, არ ასახელებენ.
როგორც AP აღნიშნავს, კომპანია Uber 26-ე კომპანიაა, რომელსაც უპილოტო ავტომობილების ტესტირების საშუალება მიეცა.