Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინში - რა გეგმა აქვს ოპოზიციას?

BM.GE
23.06.23 13:23
81
ამ კვირაში ქართული ოცნების თავმჯდომარისგან ირაკლი კობახიძისგან გავიგეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბრიუსელში ვიზიტისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სთხოვა, არ მიეღოთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი ძალა ანგარიშს უწევს ამ თხოვნას და კანონს არ მიიღებს დეკემბრამდე. 

“ჩვენ დაველოდებით ყველა შემთხვევაში დეკემბერში ევროკომისიის და ევროპული საბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რაც თავის თავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას” – უთხრა კობახიძემ მედიას.

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მასში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე, არამედ მიზნად განსაზღვრულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა.

მმართველმა ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა და 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ". საკითხის განხილვას წინ უძღოდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა ამ კანონპროექტზე.

12 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით.

ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობაც. მათ განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი ეთანხმება და მხარს უჭერს ვენეციის კომისიას, რომლის რეკომენდაციაა, საქართველომ უარი თქვას "დეოლიგარქიზაციის კანონზე".

როგორ ხსნის მმართველი გუნდის მოქმედებებს ოპოზიცია და რა არის შექმნილ ვითარებაში მათი სამოქმედო გეგმა?

სტუმარი: მიხეილ დაუშვილი - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;





Subscribe to our news

Get the main news of the day