როდის შეიკრიბება ახალი პარლამენტი და როდის დამტკიცდება ახალი მთავრობა - არჩევნების საბოლოო შედეგებზეა დამოკიდებული, თუმცა უკვე არის მოლოდინი, თუ რა ცვლილებეს შეიტანს კანონებში მეცხრე მოწვევის პარლამენტი.
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეფორმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ წამოიწყო საპენსიო რეფორმაა. რეფორმა ძალაში 2017 წელს უნდა შევიდეს და ის ეტაპობრივად დაგროვებით პენსიაზე გადასვლას გულისხმობს. მომზადებული კანონპროექტის თანახმად, დაგროვებითი პენსია არასავალდებულო და ნებაყოფლობითია. დაგროვებითი საპენსიო რეფორმა საპენსიო ფონდის შექმნას და კაპიტალის ბაზრის რეფორმასაც გულისხმობს. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, საბაზისო პენსია ყოველწლიურად ინფლაციის დონის და ეკონომიკური ზრდის პარალელურად მოიმატებს.
ერთ-ერთი კანონი, რომლის მიღებასაც ბიზნესი მომავალი პარლამენტისგან ელოდება ანტიდემპინგურ ღონისძიებებს შეეხება. კანონის შემოღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში გააჟღერა. კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ კანონის შემოღების მიზანი ადგილობრივი წარმოების არასამართლიანი კონკურენციისგან დაცვა უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიღება 2 წლის წინ დაანონსდა, მისი განხილვები ამ დრომდე დაწყებული არაა. ბოლო ინფორმაციით, კანონპროექტთან დაკავშირებით შიდა სამუშაოები უკვე დასრულებულია. პირველადი დოკუმენტის მიხედვით, კანონის აღმასრულებელი ორგანო კონკურენციის სააგენტო იქნება.
ბიზნესი ონლაინ კაზინოების რეგულაციებში მოქცევასაც ელოდება. ამ ტიპის ცვლილებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არაერთხელ დააანონსა. ინიციატივა საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის. მისი განცხადებით, აუცილებლად მიიღებენ ზომებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ზიანი, რომელიც სათამაშო ბიზნესს მოაქვს მოქალაქეებისთვის. ამასთან, როგორც ცნობილია კანონში ცვლილებებს ითხოვენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს. სებ-ი ონლაინ სესხების რეგულირების საკითხსაც განიხილავს, თუმცა კონკრეტულად როგორ მოხდება დარგის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა ჯერჯერობით უცნობია.
ხელისუფლებამ 2 წლის წინ დაიწყო მუშაობა სამშენებლო კოდექსზე თუმცა, პარლამენტის მიერ კანონპროექტის განხილვა არც ამ შემთხვევაში მომხდარა. როგორც კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტრო და დარგის სპეციალისტები აცხადებენ, არსებული კოდექსი მოძველებულია და ის დარგის გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. კოდექსი ცვლილებებს ნებართვების, სამშენებლო ზედამხედველობის და პერსონალის სერთიფიცირების მიმართულებით ითვალისწინებს.
კვლავ განხილვის საგნად რჩება დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღების საკითხიც. კანონპროექტის საბოლოო სახე ჯერ მზად არაა. მთავრობა კანონის ამოქმედებას 2018 წლიდან გეგმავს, თუმცა საბანკო სექტორის ნაწილი ვადის 2020 წლამდე გადაწევას ითხოვს. კანონმდებლობის შეცვლას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. არსებული კანონპროექტის მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ყველა ბანკისთვის სავალდებულო იქნება. თავდაპირველად დაზღვევა მხოლოდ ფიზიკურ პირებს შეეხება და ის იურიდიულ პირებზე არ გავრცელდება. ასევე, როგორც ცნობილია დაზღვეული იქნება დეპოზიტები 5000 ლარის ფარგლებში, როგორც ლარში ასევე დოლარში. შესაბამისი ფონდის მოცულობა თავდაპირველად 20 მილიონი ლარი იქნება, რომელსაც სრულად კომერციული ბანკები უზრუნველყოფენ.
უკვე რამდენიმე წელია ანონსდება თამბაქოს მოხმარების შესახებ კანონში ცვლილებებიც, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა შესაძლოა სრულად აიკრძალოს. მთავრობამ პარლამენტში გუგული მაღარაძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაიწუნა. კანონს ეწინააღმდეგებოდა კერძო სექტორიც, რომელიც მიანიშნებდა, რომ გარდა თამბაქოს ინდუსტრიისა არსებული ვარიანტი პრობლემას სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც შეუქმნიდა, მათ შორის სარეკლამო ბიზნესს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ეთანხმებიან სარესტორნე ბიზესის წარმომადგენლებიც, თუმცა მიუთითებენ, რომ უმჯობესი იქნება თუკი მოწევა სრულად აიკრძალება და ზონები მწეველებისა და არამწეველებისთვის არ ადიყოფა, რაც მათ დამატებით პრობლემას შეუქმნის.
წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაც. კანონპროექტზე საკუთარი შენიშვნები აქვს ბიზნესს. კერძოდ, როგორც ბიზნეს ასოცაციაში განმარტავენ კანონპროექტი ბევრი კომპანიის გაკოტრებას გამოიწვევს. არსებული კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს, შეძენილი პროდუქცია 7 დღის განმავლობაში დააბრუნოს და გადახდილი თანხა უკან მიიღოს. დისტანციური და ქუჩაში დადებული ხელშეკრულებების შემთხვევაში კი ეს ვადა 14 დღეს შეადგენს. კანონპროექტი მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებასაც ითვალისწინებს.