Home
Category
TV Live Menu
Loading data...

კანონი ხელმოწერილია - სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის

BM.GE
21.06.23 13:07
82
პრეზიდენტის ვეტო დაძლეულ კანონს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე მოაწერა. ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებით სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შეიქმნება, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭო დანიშნავს. 

სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს სების პრეზიდენტის მოვალეობას მისი არყოფნის ან უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში.“რეგულაციის არარსებობის პირობებში, ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტის უფლებამოსილება დაეკისრა არა კანონის, არამედ შიდა რეგულაციის საფუძველზე. აშკარაა, რომ საჭიროა ამ ბუნდოვანების აღმოფხვრა, ასეთი ფუძემდებლური საკითხის არა შიდა რეგულაციებისთვის მინდობის, არამედ საკანონმდებლო რეგულაციის გზით”-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით მმართველი ძალისთვის პირველი ვიცე პრეზიდენტის და სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არჩილ მესტვირიშვილის კანდიდატურა მისაღები არ არის. კანონი ძალაშია, პროცედურის მიხედვით ახლა სების საბჭო უნდა შეიკრიბოს და 7 წევრიდან, რომელიმე ორმა პირველი ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურა წარადგინოს. ბიმჯის ინფორმაციით, სების პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე ყოფნის სურვილი აქვთ როგორც არჩილ მესტვირიშვილს, ისე ნათია თურნავას. ღიაა კიდევ ერთი საკითხი. მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შეუთანხმებლობის საგანი ამჯერად ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებია. 

გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს სების საბჭოს წევრობის 2 ვაკანტურ პოსტზე გიორგი ბაქრაძის და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ უკვე თქვა, რომ ამ კანდიდატურებს პარლამენტის მხარდაჭერა არ ექნება. ამავე პოზიციაზე არიან დეპუტატები უმრავლესობიდან. ისინი სალომე ზურაბიშვილს საყვედურობენ, რომ სების საბჭოს წევრობის კანდიდატები მმართველ გუნდს კონსულტაციების გზით არ შეუთანხმა. რა არის შექმნილი ჩიხიდან გამოსავალი? 

სტუმარი: რომან გოცირიძე - დეპუტატი;


Subscribe to our news

Get the main news of the day