თბილისის მერი კახა კალაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ენერგეტიკის სამინისტროს გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას აფასებს.
"საქმის კურსის" კითხვაზე, ამოიწურა თუ არა ენერგეტიკის სამინისტროს, როგორც დამოუკიდებელი უწყების ფუნქციები და როლი, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო.
"ბოლო წლების განმავლობაში იმდენად მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ქვეყნის მასშტაბით და იმდენი ახალი პროექტის განხორციელებას მოეწერა ხელი, რომ მე მგონია, უკვე შესაძლებელია. მთავარია, რომ ამ პროექტების მიმართ განხორციელდეს სწორი თვალყურის დევნება, მივყვეთ ამ პროექტებს და შესაბამისად, ის ხელშეკრულებები, რომლებიც იქნა გაფორმებული, მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და პროექტირება მიმდინარეობს, სრულყოფილებაში მოვიდეს", - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება საკადრო რესურსთან დაკავშირებით პრობლემებით ხომ არ იყო გამოწვეული, თბილისის მერმა განაცხადა, რომ "ყველგან ოპტიმიზაცია მიმდინარეობს".
"არა მგონია პრობლემები იყოს, ყველგან ოპტიმიზაცია მიმდინარეობს", - აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ დღეს თბილისის მერის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა.