ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "გაზპრომ-ექსპორტთან" გაფორმებული ახალი ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა, თუმცა არასამთავრობო სექტორისა და საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, ფინანსურ მხარეებზე არ ისაუბრა.
"პირველ წელს ჩვენ ნაწილობრივ ისევ ნედლეულით მივიღებთ გაზს, შეიძლება ითქვას, რომ 2017 წელს არანაირ განსხვავებას არ ვღებულობთ. მეორე წელს კი რა თქმა უნდა არის ფინანსური განსხვავება - თუ ერთი და იგივე შედეგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, მაშინ აზრი არ ექნებოდა და შეიძლება, ისევ ნედლეულის სახით მიგვეღო ის 10% და ამაზე მომხდარიყო შეთანხმება. არის რა თქმა უნდა განსხვავება, თუმცა არის მეორე, პოლიტიკური მომენტი", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ „ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს ერთ-ერთი რაციონალური გადაწყვეტილება იყო".
კითხვაზე, რატომ იყო შეუძლებელი იგივე პირობებით ხელშეკრულების გაგრძელება, კალაძემ პასუხად განაცხადა, რომ „გაზპრომ-ექსპორტის“ ხელმძღვანლობასთან ბოლო შეხვედრაზე "გამოიკვეთა რაღაც წერტილები, სადაც შესაძლებელი იყო შეთანხმების მიღწევა“.
"აქ არ იყო მხოლოდ "გაზპრომის" მოთხოვნებზე დათანხმება. იყო შეხვედრები, რომელიც უშედეგოდ სრულდებოდა. ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ „გაზპრომმა“ ჩვენ დაგვიწერა ხელშეკრულბა და ჩვენ დავთანხმდით“, - განმარტა მინისტრმა.
მისივე თქმით, ახალი შეთანხმებით საქართველოს ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე არ გაზრდილა.
"31 დეკემბერს დასრულდა ის ხელშეკრულება, რომელიც აქამდე იყო გაფორმებული, ამიტომ ახალი ხელშეკრულება არსებული რეალობიდან გამომდინარე არის მაქსიმალური შედეგი, გინდ პოლიტიკური, გინდ ეკონომიკური თვალსაზრისით", - განაცხადა კალაძემ.
მინისტრმა ასევე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანას ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობების მიღების საჭიროება ექნება, 30 დოლარიან შეღავათს მიიღებს და 1000 კუბურ მეტრს 185 დოლარად შეიძენს.