გენერაციის 21 ახალი წყარო არ არის საკმარისი ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ 5-წლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლიდან დღემდე მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში 21 ახალი გენერაციის წყარო შეიქმნა, აქედან 18 ჰიდროელექტროსადგური, 2 თბოსადგური და 1 ქარის სადგური.
კალაძის თქმით, როდესაც მინისტრად დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკის მიმართულებით დეფიციტი ჰქონდა, ამიტომ ახალი გენერაციის წყაროების მშენებლობა დაიწყეს. თუმცა, კალაძის თქმით, 21 ახალი გენერაციის წყარო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებული არ იყოს.
"2013 წლიდან დღემდე ჩვენ განვახორციელეთ 21 ახალი გენერაციის წყაროს მშენებლობა- 18 ჰიდროელექტროსადგური, 2 თბოელექტროსადგური და ერთი ქარის ელექტროსადგური. ჯამური დადგმული სიმძლავრე ამ პროექტების არის 782,97 მეგავატი. ჯამური ინვესტიცია კი - 1,186 მილიოინი დოლარი.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის რესურსები, რომლებიც გააჩნია ქვეყანას- წყლის რესუსრსები- იყოს რაციონალურად ათვისებული, რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე",- განაცხადა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად 13 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა დადგმული სიმძლავრე 326 მეგავატია, საინვესტიციო ღირებულება კი 984 მილიონი დოლარი.