დეპოზიტების დაზღვევის სავალდებულო სისტემის შემოღებას საბანკო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად "საქართველოს ბანკიც" არ ემხრობა. როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბანკის მთავარი ბანკირი აცხადებს, დღეს დეპოზიტების დაზღვევა არც საბანკო სექტორს და არც მომხმარებელს არ სჭირდება. კახა კიკნაველიძის თქმით, მისი შემოღება გამოიწვევს არამხოლოდ დეპოზიტებზე, არამედ სხვა პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილებას. გარდა ამისა, მასთან დაკავშირებულია სხვა ტიპის რისკებიც, რაც დამატებითი ხარჯი იქნება საბანკო სექტორისთვის.
წინასწარი გათვლებით კერძო სექტორი დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის შემოღებით 15-20 მილიონი ლარის დამატებით ხარჯს ელოდება.
"დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის შემოღებას გავლენა ექნება საბანკო სფეროზეც, მომხმარებელზეც ალბათ უფრო დეპოზიტების მხრივ, მაგრამ შეიძლება სხვა პროდუქტების მხრივაც. დღესდღეობით განიხილება დეპოზიტების დაზღვევის მარტივი მოდელი, როცა ყველა ბანკს, მიუხედავად მისი რისკიანობისა, ერთი და იგივე სადაზღვევო გადასახადი ექნებათ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს იწვევს მორალურ რისკს, როდესაც უფრო რისკიან ბანკებს ექნებათ იმის სტიმული, რომ უფრო სარისკო ინვესტიციები განახორციელეონ იმიტომ, რომ მათი დეპოზიტების ბაზა დაზღვეულია. ასევე დეპოზიტარებს ექნებათ სტიმული მაღალგანაკვეთიან პატარა და უფრო სარისკო ბანკებში წაიღონ დეპოზიტები. ეს ირიბ სუბსიდიას იწვევს მსხვილი ბანკებიდან წვრილი ბანკების მიმართ", - აცხადებს კახა კიკნაველიძე.
ეროვნული ბანკის მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც დეპოზიტების დაზღვევის სავალდებულო სისტემის შემოღებას ითვალისწინებს, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანო განიხილავს.