Home
Category
TV Live Menu

კახეთის რეგიონში "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფები გავრცელდება

59845c57c421d
დავით ჯალაღონია
04.08.17 15:34
833
კახეთის რეგიონში "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტარიფები გავრცელდება. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში „საქმის კურსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები ერთის მხრივ, „კახეთის ენერგოდისტრიბუციისთვის“ ლიცენზიის გაუქმების, მეორეს მხრივ კი აღნიშნული სალიცენზიო არეალის "ენერგო-პრო ჯორჯიას" იურისდიქციაში გადასვლის შესახებ. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ კი კახეთის მოსახლეობა დღეს მოქმედი ტარიფებით აღარ ისარგებლებს და მათ ელექტროენერგიის გადასახადი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფების მიხედვით მიუვათ.

ვიდრე "კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აქტივებს "ენერგო-პრო" გადაიბარებს, კახეთში ჯერ კიდევ 2006 წელს დადგენილი ტარიფები მოქმედებს. ამავე თემაზე „საქმის კურსი“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ვალიშვილს ესაუბრა.

"მე ვფიქრობ, რომ კახეთის არეალშიც იგივე ტარიფები გავრცელდება, რადგან საბოლოო ჯამში, ეს ერთი კომპანია, ერთი სალიცენზიო არეალია და განსხვავებული მიდგომები არ იქნება. ჩვენი გადმოსახედიდან ეს ყველაზე უპრიანი მიმართულებაა.

თუმცა იცით, რომ ეს ტარიფები, რაც დადგინდა ელექტროენერგეტიკის დარგში, 2017 წლის ბოლომდეა ძალაში და თუ ერთი დიდი, გენერალური რაუნდით მოხდება განაცხადების კორექტირება, კახეთიც მოცული იქნება ამ პროცესში", - მარიამ ვალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 21,7 მლნ ლარად აუქციონზე გაიყიდა. ეს კახეთის რეგიონში გამანაწილებელი კომპანიაა, რომელიც 2003 წლის 15 აპრილს ს.ს. „სინათლე“-ს ბაზაზე შეიქმნა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი საქმიანობაა ელექტროენერგიის განაწილება. „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 117 058 აბონენტს ემსახურება. დღევანდელი მდგომარეობით, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ შეძენის პროცედურები არ დასრულებულა.

Subscribe to our news

Get the main news of the day