“კიბერუსაფრთხოების საკითხი კვლავ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა”
BM.GE
25.11.20 09:29
• 454
DNS-ი არის ინტერნეტის ერთ-ერთი საბაზისო სისტემა, რომელიც ვებგვერდებთან კავშირს უზრუნველყოფს. სწორედ DNS ინდუსტრიის განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს შეეხებოდა აღმოსავლეთ ევროპის DNS ფორუმი, რომელსაც თბილისი მასპინძლობდა. ღონისძიება მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN) ორგანიზებითა და „კავკასუს ონლაინის“ როგორც .GE საქართველოს კოდის ზედა დონის დომენის ადმინისტრატორის მხარდაჭერით შედგა. BMG ფორუმის მთავარი მიზნებისა და შედეგების შესახებ ICANN-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მიხაილ ანისიმოვს ესაუბრა. კითხვაზე თუ რა არის არსებულ ვითარებაში DNS ინდუსტრიის მთავარი გამოწვევები, მიხაილ ანისიმოვი პასუხობს, რომ კიბერუსაფრთხოების საკითხი კვლავ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომლის წინააღმდეგაც ICANN-ი მის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს. ამასთანავე, პანდემიის პირობებში კომპანიების მხრიდან ფუნქციონირების უწყვეტად გაგრძელების და ისეთი ახალი ტექნოლოგიების ათვისების საკითხები, როგორიცაა 5G და IoT ფორუმის მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხები იყო.