კიევის ყოფილი მერი, ბიზნესმენი, ლეონიდ ჩერნოვიცკი საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნის და გეგმავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ჩერნოვიცკიმ საკუთარი გეგმების შესახებ, დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. პარტიის სახელწოდება იქნება „ბედნიერი საქართველოსთვის“.
„მე ვაპირებ მთელი დარჩენილი ცხოვრება საქართველოში ვიცხოვრო. მე არ შემიძლია ვუყურო როგორ ცხოვრობს ხალხი გაჭირვებაში“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
ჩერნოვიცკის განცხადებით, ის თავად აპირებს პარლამენტის წევრობას. რაც შეეხება მისი პარტიის წევრებს, ჩერნოვიცკის თქმით, ის არ ითანამშრომლებს ისეთ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პარტიებს ხშირად იცვლიან. მედიასთან საუბრისას ლეონიდ ჩერნოვიცკიმ განაცხადა, რომ მას უკვე 5 წელია საქართველოს მოქალაქეობა აქვს მიღებული.