რუსეთი რამდენიმე რეგიონში კინოინდუსტრიისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებას აპირებს. რუსული Forbes წერს, რომ 2017 წლის მარტში რუსეთის ორი რეგიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საკუთარი ბიუჯეტის გადახედვა და თანხების გამოყოფა, რომლითაც მათს ტერიტორიაზე ფილმის გადაღების შემთხვევაში კომპანია ხარჯების 20%-ს უკან დაიბრუნებს.
რუსეთის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელმა ოლეგ საფონოვმა შეღავათების დაწესების რეკომენდაციით ოკუპირებულ ყირიმს და კრასნოდარის მხარეს მიმართა.
გამოცემა წერს, რომ მიმხიდველი პეიზაჟებითა და საბონუსო სისტემით ეს ადგილები უცხოური კინოსტუდიების ყურადღებას მიიპყრობს.
შეღავათების პირველი ბენეფიციარი ფილმი "На районе" გახდება. კომპანია უკან დანახარჯების 20%-ს დაიბრუნებს, რაც დაახლოებით 700 ათასი რუბლი იქნება.
როგორც რუსული Forbes წერს, მსგავსმა სისტემამ "შესამჩნევი ევოლუცია" გამოიწვია საქართველოში. სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ საშეღავათო სისტემა მეზობელ ქვეყანაში ძალაში 2015 წელს შევიდა.
"უკვე ერთი წლის შემდეგ კოლხიდა ბოლივუდური კინოსაგის გადაღების მოედნად იქცა. მოუტანს თუ არა ფილმს წარმატებას საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია",- წერია სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საშეღავათო სისტემა პირველად ძალაში 1990 წელს ამერიკაში, კანადის ხელისუფლების გადაწყვეტილებით შევიდა. საგადასახადო სისტემის შეღავათებით კანადამ შეძლო რამდენიმე ჰოლივუდური ბლოკბასტერი მიეზიდა და კანადა გადასაღებ მოედნად ექცია.