Home
Category
TV Live Menu

"კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების გამო 21 კლინიკასთან 100-ზე მეტი დავა მიმდინარეობს"

588734df0ccbf
BM.GE
24.01.17 15:03
1114
კლინიკების მიერ არასწორად მოთხოვნილი თანხების გამო ამ დროისთვის 21 კლინიკასთან 100-ზე მეტი დავა მიმდინარეობს, ჯამში საუბარია 8 მილიონ ლარზე,- ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი განმარტებით, სასამართლო პროცესები ამ მიმართულებით დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში კი სადავო თანხა გაყინულია და მისი გამოყენება ვერ ხდება. შედეგად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება, არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლები გააკეთოს.

"ჯანდაცვის სამინისტროს აქვს 2 სააგენტო, რომლის ამოცანაც არის ერთი მხრივ ხარისხზე ზრუნვა, მეორე მხრივ, საყოველთაო ჯანდაცვის შედეგად გახარჯული თანხების მიზნობრიობის კონტროლი, ამ წლების განმავლობაში იკვეთებოდა გარკვეული წილი, როდესაც კლინიკებს არასწორად ჰქონდათ თანხები მოთხოვნილი, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო ადგენდახოლმე სამართლებრივ აქტებს. თუმცა, შემთხვევების უმრავლესობაში ასეთი დავები გადადიოდა სასამართლოში და გამომდინარე სადავო საკითხის მოცულობიდან და სპეციფიურობიდან, გრძელდებოდა და გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში, წელიწადზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში ეს თანხები იყო გაყინული, უმოძრაო, რაც სერიოზული პრობლემა იყო ბიუჯეტის პარამეტრების ადეკვატური შეფასებისთვის, ამასთან კლინიკებთან ადეკვატური საქმიანობის დასამყარებლად. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ადგენს, რომ სანამ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭა უფლება, რომ მისი აზრით არასწორად მოთხოვნილი თანხების ე.წ. ჩათვლები გააკეთოს. ანუ დაქვითოს შემდგომი თვის ანაზღაურებებიდან.

მოკლე სტატისტიკით, სასამართლო დავების 95%-ზე მეტი ასეთ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროს მოგებული აქვს. მიმდინარე საქმეებია 21 კლინიკასთან, 100-ზე მეტ შემთხვევაზე, ჯამში 8 მილიონზე.

გასაგებია, რომ კლინიკების ნაწილს ეს არ მოეწონება, რადგანაც გამოკვეთილი არიან კლინიკები, რომლებიც ფაქტობრივად უსასრულოს ხდიან სასამართლო დავებს“,- აცხადებს სერგეენკო.

Subscribe to our news

Get the main news of the day