საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის ინფორმაციით, 1 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
BM.ge-მ სებ-ის პრეზიდენტს ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის გაცხადებიდან 1 წლის შედეგები შეაფასებინა.
„ლარიზაცია ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რომელსაც დაახლეობით, 10-15 წელს მივცემდი. ვფიქრობ, ის მაჩვენებლები, რომლითაც 2017 წელი დამთავრდა, საკმაოდ კარგია და შეიძლება ითქვას იმაზე კარგიც, ვიდრე ჩვენი არაოფიციალური მოლოდინები იყო. კონკრეტულად, სესხების დოლარიზაცია 1 წლის განმავლობაში შემცირდა 7 პროცენტული პუნქტით; ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია კი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვალდობის თვალსაზრისით, შემცირდა 12 პროცნეტული პუნქტით. რაც შეეხება დეპოზიტების დოლარიზაციას, 1 წლის განმავლობაში შემცირდა 5 პროცენტული პუნქტით. ვფიქრობ, დასაწყისითვის ცუდი მაჩვენებელი არაა, მაგრამ მომავალში კვლავ გაგრძელდება აქცენტი და ფოკუსი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბაზრისთვის უმტკივნეულოდ და მეგობრულად გაგრძელდეს დედოლარიზაციის პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა გვეტაძემ.
კითხვაზე - „კიდევ მოსალოდნელია თუ არა, რაიმე ახალი რეგულაცია დედოლარიზაციის დასაჩქარებლად“, გვენეტაძემ შემდეგი პასუხი გასცა:
„ჯერჯერობით, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვაანალიზებთ იმ სიტუაციას, რაც გვაქვს და ყოველთვის ვუყურებთ ჩვენმა გადადგმულმა ნაბიჯმა რა შედეგი მოიტანა და სად შეიძლება კიდევ დამატებით რამის გაკეთება. ამავე დროს, ყოველთვის ვადევნებთ თვალყურს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას. თუ რაიმე ისეთი იქნება, რომელიც ვფიქრობთ, რომ ასევე დაეხმარება ქვეყანაში ლარიზაციის განხორციელებას, ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - აღნიშნა გვენეტაძემ.