კომპანია "დინო 2007" სუპერმარკეტების ქსელ "ფურშეტს" სასამართლოში უჩივის და კუთვნილი დავალიანების დაფარვას მოითხოვს. თავისი პრობლემების შესახებ ’’ბიზნესკონტრაქტთან“ კომპანიის გენერალური დირექტორი მიშა ხუნდაძე საუბრობს.
- ბატონო მიშა, რა მოცულობისაა "ფურშეტის" დავალიანება თქვენი კომპანიის მიმართ?
- "ფურშეტის" დავალიანება 100 000 ლარს ასცდა, რაც საკმაოდ სოლიდური თანხაა და ამან ჩვენ კომპანიას სერიოზული პერობლემები შეუქმნა. ჩვენი ბიზნესი კომერციული ფართების ფლობას და მათ იჯარით გასცემს. სამწუხაროდ, ამ დავალიანების გამო, ჩვენ საგადასახადი გირავნობა დაგვედო, რადგან იმ ვალდებულებების შესრულება ვერ შევძელით, რაც სახელმწიფოს წინაშე გვაქვს დღგ-ს და სხვა გადასახადების კუთხით, რადგან ასე დაგვაღალატა ჩვენმა დამქირავებელმა "ფურშეტის" სახით.
- თქვენ და არა ერთი სხვა კომპანია საუბრობს "ფურშეტთან" დაკავშირებულ პრობლემებზე. რატომ მივიდა საქმე სასამართლომდე, ბიზნესომბუდსმენს თუ ესაუბრეთ ან სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომლებიც ამაზე პასუხისმგებლები არიან კომუნიკაცია თუ გქონდათ?
- მცდელობა გვქოქნდა ’’ფურშეტის“ მესვეურებს დავკავშირებოდით, რასაც სამწუხაროდ თითქმის ყოველთვის თავს არიდებდნენ, მათთან კომუნიკაცია წარმოუდგენელია. ვფიქრობ, რომ შესაბამისი სტრუქტურები ამ საკითხით დაინტერესებულები არიან, რადგან აქ არ დგას ერთი კომპანიის პრობლემა ჩვენი სახით, არამედ აქ ძალიან ბევრი კომპანიის პრობლემაა წამოჭრილი და მათ უკან კი თანამშრომლები დგანან, რომლებიც ანაზღაურებაზე არიან დამოკიდებულები. საკმაოდ დიდი პრობლემა ექმნება სადისტრიბუციო და უძრავი ქონების დარგებს და ამას თუ ბოლომდე არ მიხედავენ, "ფურშეტისნაირი" პრობლემები შესაძლოა კიდევ ბევრი წარმოიქმნას და ბევრს შეხვდეს.
- შეიძლება თქვენც დადგეთ იმ პრობლემის წინაშე, რომ თანამშრომლები გაათავისუფლოთ?
- ჩვენ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ეს არ გავაკეთოთ, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. თუ ასე უკონტროლოდ შეიქმნა კომპანიები, რომლებსაც არანაირი ზურგი არ აქვს და მომწოდებლების პროდუქციით და ჩვენი ობიექტების მფლობელობის ხარჯზე გასცემს მაღაზიებს და მერე გაკოტრდება და დაიხურება, საქმე დიდ თაღლითურ სქემამდე მიდის. თაღლითობა იკვეთება, რომ კომპანიიდან ფულადი რესურსები გადიოდა. ამას ჩვენი იურისტები სწავლობენ და ვფიქრობთ, რომ ძალიან მოკლე ვადაში სერიოზული სარჩელი დადგება დამატებით იმ ფინანსურ სარჩელზე, რომელსაც ჩვენ ახლა ვითხოვთ. ერთი სარჩელი უკვე შეტანილია და პროცესი მიმდინარეობს. მეორეზე იურისტები მალე დაამთავრებენ მუშაობას. იგი იმ თაღლითურ სქემეს გულისხმობს, როგორიც კომპანიიდან ფულადი სახსრების გადინებაა.
- მუდმივად ისმის, რომ ბიზნეს დავების მიმართულებით პროცესები სასამართლოში ძალიან ჭიანურდება, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ, გაქვთ თუ არა ეს რისკები დათვლილი?
- ამ რისკებს ჩვენც წავაწყდით - შემოსავლების სამსახურში და ფინანსურ პოლიციაში ძალიან ოპტიმალურად და ოპერატიულად გვეხმიანებიან და ადეკვატურ პასუხს ვიღებთ. მაგრამ, მაგალითად, შემთხვევა იყო, როდესაც მოსამართლე მარტიაშვილმა სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა, ანუ ყადაღის დადება არ დააკმაყოფილა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. როდესაც ყველა საბუთი წარმოადგენილია, რომ მისი მეიჯარე დავალიანებას რამდენიმე თვის განმავლობაში არ ფარავს და მოსამართლე სარჩელის უზრუნველყოფის სახით მოთხოვნილ ყადაღას არ აკმაყოფილებს, ეს აბსოლუტურად აუხსნელია. მე ახსნას ვერ ვპოულობ მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღო. ალბათ თავის დროზე ეს საკითხიც დადგება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ პროცესს ბოლომდე გავყვეთ, იმიტომ რომ აქ ერთი კომპანიის ინტერესი არ დგას, - აქ დარგის ინტერესია, როგორც უძრავი ქონების მფლობელი კომპანიების, ასევე სადისტრიბუციო კომპანიების, რომლებიც ერთ ჯამში მოვყევით ისეთი თაღლითების გამო, როგორიც არის მაგალითად, "ფურშეტი".
- რა გზავნილია ეს ბიზნეს გარემოსთვის? თქვენ ერთადერთი კომპანია არ ხართ, რომელსაც ეს პრობლემები აწუხებს...
- მე იურისტი არ ვარ და რაღაც კონკრეტული რეცეპტის გამოწერა გამიჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით სასამართლო უნდა გააქტიურდეს. ერთია სხვა მიმართულებების საქმეები, რომლებსაც სასამართლო პრიორიტეტებს ანიჭებს, თუმცა ასეთი დავებიც მნიშვნელოვანია, რადგან თუ ბიზნესმა დაკარგა იმედი, რომ სადღაც სამართალს იპოვნის, ბიზნესს ასეთი წნეხის ქვეშ ოპერირება ძალიან გაუჭირდება.