შპს "ტანჯულას" გაკოტრების საქმის წარმოებაზე უარი ეთქვა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. განჩინება "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.
"ტანჯულას" დირექტორმა ელისაბედ გოგიძემ, შპს „ტანჯულას“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება მიმდინარე წლის აპრილში მოითხოვა. განცხადებაში მითითებლი იყო, რომ კომპანიას არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, აგრეთვე მას არ გააჩნია არანაირი ქონება.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს განცხადების წარმოებაში მიღების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ შპს "ტანჯულას" არ გააჩნია არავითარი ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას.