Home
Category
TV Live Menu

კომპანია VIP Georgia-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში VIP ტერმინალის მოწყობა სურს

58ca96d953bb8
სალომე მეცხვარიშვილი
17.03.17 10:00
1208
კომპანია VIP Georgia-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში VIP ტერმინალის მოწყობა სურს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი შალვა ბერძენიშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, სახელმწიფოსთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

პროექტის ღირებულება 15 მილიონი დოლარია და ინვესტორი ამერიკული კომპანია Admore Capital Corporation-ია.

"ეს არის ქვეყნის ბიზნეს კარიბჭე, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. ავიაციის სფეროში 12 წელი მე თვითონ ვმუშაობ და ზუსტად ვიცი, რომ მსგავსი ტიპის მომსახურებაზე მოთხოვნა არსებობს. შესაწავლილი გვაქვს ეს საკითხი როგორც საბანკო სფეროსთან, ასევე ტურისტულ სააგენტოებთან გვაქვს კონტაქტი, რომლებიც ადასტურებენ, რომ მსგავს სერვისზე მოთხოვნა არსებობს და ისინი მზად არიან ტავიანთ პაკეტებში ჩასვან ეს შეთავაზება",- აცხადებს შალვა ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს Tav Georgia-სთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და ნებისმიერი გადაწყვეტილება აეროპორტებთან დაკავშირებით უნდა შეთანხმდეს კომპანიასთან, ინვესტორი ფიქრობს, რომ ახალი ტერმინალი "ტავ ჯორჯიას" არ დააზიანებს. შალვა ბერძენიშვილის განმარტებით, კომპანია ჩვეულებრივ მიიღებს მგზავრების მოსაკრებელს, ამასთან შეუმცირდება საიჯარო ხელშეკრულებით გადასახდელი თანხა, რამდენადაც მას ინვესტორი გადაიხდის.

რაც შეეხება მომსახურებას, შალვა ბერძენიშვილი ამბობს, რომ იქნება სამი სეგმენტი: GOLD, BUSINESS და Classic - შესაბამისად მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურების მიღება სხვადასხვა ფასად შეეძლება. შესაძლებელი იქნება ბიზნესჯეტებით ფრენაც.

"ასეთი ტერმინალის მომსახურება სხვაგან ღირს 600 ევრო, მაგრამ ამდენი ჩვენთან არ ეღირება. იქნება სამი კატეგორიის მომსახურება: GOLD, BUSINESS და Classic. ბევრ სერვისს შევთავაზებთ, მაგალითად, როგორიცაა მოსახურება სახლიდან ბორტამდე. მიიყვანენ აერპორტში, გაივლიან პროცედურებს მათ მაგივრად და სპეციალური მანქანით მიიყვანენ ბორტამდე",- აცხადებს შალვა ბერძენიშვილი.

პროექტი გულისხმობს ტერმინალში სხვადასხვა ზონის მოწყობას, შედეგად. დასასვენებელ ზონაში მომხმარებელს შეეძლება ისარგებლოს: ბარით; რესტორნით; სუვენირების და საფირმო მაღაზიებით; შესაბამის ზონაში - უბაჟო ვაჭრობის მაღაზიით; შემნახველი საკნით და ინდივიდუალური სადეპოზიტო სეიფით; ბილეთების დაჯავშნა-შეძენის სერვისით; სამედიცინო პუნქტით; მანქანის გაქირავებით; ბანკის მომსახურებით; სასტუმროების დაჯავშნა; საინფორმაციო მომსახურებით.

როგორც შალვა ბერძენიშვილი აცხადებს, შეხვედრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში VIP ტერმინალის მოწყობის საკითხზე ეკონომიკის მინისტრთან ჰქონდათ, მომავალი ვიზიტი კი შემდეგ კვირაშია დაგეგმილი.

"პოზიცია ჯერჯერობით ნეიტრალურია მათი მხრიდან, ისინი დამატებით არგუმენტებს ითხოვენ, რაც უკვე მზად გვაქვს და წარვუდგენთ",- აცხადებს შალვა ბერძენიშვილი.








Subscribe to our news

Get the main news of the day