Home
Category
TV Live Menu

კომპიუტერული თამაში, რომელიც აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს აკავშირებს

574346ff3f60a
BM.GE
23.05.16 22:05
1221
ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით, საქართველოში 2014 წელს ევროკავშირისა და გაეროს დაფინანსებით პროექტი დაიწყო. ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების შესარიგებლად კომპიუტერული თამაშები შეიქმნა, რომლის მთავარი მიზანი კონფლიქტის ხაზის სხვადასხვა მხარეს მყოფი ქართველი და აფხაზი ბავშვების დაახლოება და გაერთიანებაა,- პროექტის დეტალებსა და შედეგებზე "საქმიან დილასთან“ ISET-ის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ელვას“ მრჩეველი კავკასიის რეგიონში ნინო ნანიტაშვილი საუბრობს.
 
- როდის დაიწყო პროექტი და რამდენად დიდი ჩართულობა დაფიქსირდა მასში?

- ჩვენ გვინდოდა, რომ რაღაც ახალი გაგვეკეთებინა, რაც ზოგადად ამ კონფლიქტის მხარეებს შორის დიალოგის მიმართულებით ახალ სიტყვას იტყოდა. ვცდილობდით, გაგვეგო მსოფლიოში რა ტენდენციებია და როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე ახალი სფერო თამაშებია და მე მიხარია, რომ ამ ტენდენციას საქართველოც მიყვება. ერთი შეხედვით, ამ ახალგაზრდებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მათ საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ ეს თამაშები მათ აახლოვებს. ონლაინ თამაშის მთავარი მიზანი სწორედ კონფლიქტის ხაზის სხვადასხვა მხარეს მყოფი ქართველი და აფხაზი ბავშვების დაახლოება და გაერთიანებაა.

- როგორ მოხდა აფხაზ ახალგაზრდებთან დაკავშირება, როგორი იყო მათი ინტერესი და რა მოჰყვა ამ პროექტს, როგორია შედეგი?

- ჩვენ 6 პარტნიორი გვყავდა. 3 ქართველი ახალგაზრდით დაკომპლექტებული და 3 აფხაზი ახალგაზრდით დაკომპლექტებული, რომლებიც შერეულ ჯგუფებში ერთად თამაშობდნენ. იყო წითელი და ლურჯი ჯგუფები და მთელი აქცენტი მათზე იყო გამახვილებული, რომ გუნდური სულისკვეთება არ დარღვეულიყო.

- პოზიტიური ცვლილებები რამდენად შესამჩნევი იყო?

- ყველაზე შესამჩნევი ის იყო, რომ როდესაც დავიწყეთ, ძალიან ცოტა ახალგაზრდა იყო ჩართული და პროექტის ბოლოსკენ უფრო და უფრო იზრდებოდა მათი რიცხვი. მეტი ახალგაზრდა მოდიოდა კომპიუტერულ ცენტრებში, რომ ეთამაშათ. მათი ნდობა დავიმსახურეთ და ამ ყველაფერს ეჭვის თვალით აღარ უყურებდნენ. ეს ბუნებრივი პროცესი იყო, რომელშიც არ ყოფილა საუბარი არც კონფლიქტზე და არც პოლიტიკაზე. უბრალოდ ახალგაზრდებს ჰქონდათ ვირტუალური სივრცე და აკეთებდნენ იმას, რაც ისედაც უყვართ და არაფერი იყო ისეთი, რაც დაძალებას გამოიწვევდა და ამიტომაც იყო წარმატებული. ჩვენ რეალურად ის ჯგუფი მოვიცვით, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხებში არასდროს არის ხოლმე ჩართული.

- რამდენი ხანი გაგრძელდა პროექტი?

- პროექტი დაახლოებით 8 თვე გაგრძელდა. უშუალოდ ერთობლივი, სათამაშო სესიები 3-4 თვის განმავლობაში მიმდმინარეობდა.

- ამ პროექტის გაგრძელება ხომ არ იგეგმება?

- ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს პროექტი გავაგრძელოთ. დამატებითი ფინანსური სახსრები უნდა მოვიზიდოთ, რომ იგი განვახორციელოთ.

- დიდი ფინანსური დანახარჯებია?

- სათამაშო სესიებისთვის რეალურად დიდი ფინანსური დანახარჯები არ არის, უბრალოდ ხშირს შემთხვევაში ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა იყო საჭირო. იმიტომ, რომ ისრაელისგან განსხვავებით ჩვენს რეგიონში ტექნოლოგიები არ არის ისე განვითარებული და არც ინტერნეტთან წვდომა. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში თვითონ ცენტრებისთვის ლეპტოპების შეძენა გვიწევდა. თუმცა, ეს გარკვეული სახით პილოტაჟი იყო, გვინდოდა გაგვეგო რამდენად იმუშავებდა ის ჩვენს რეგიონში და ჩვენ მთელი რეგიონის ერთობლივი სათამაშო სესიები გვქონდა, რომელსაც უქმეებზე ვაწყობდით და მთელი ჩვენი რეგიონიდან ყველა შემოდიოდა და ესეც მოსწონდათ მონაწილეებს, რომ რაღაც დიდ ამბავში იყვნენ ჩართულები. ამ პროექტის ფარგლებში ასევე მეორე კომპონენტი იყო, რომელიც სრულიად ახალი თამაშის შექმნას მოიცავდა, რომელსაც “მშვიდობის პარკი“ ჰქვია და დღესაც ხელმისაწვდომია, შესაძლებელია მობილურებში მისი გადმოწერა. მის შექმნაში მთლიანად საზოგადოება იყო ჩართული. უცხოელი ექპერტები და კონსულტანტები გვყავდნენ, რომლებიც თამაშებს ქმნიან და კონფლიქტურ რეგიონებში მუშაობენ. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ეს სენსიტიურობა თამაშში არ ყოფილიყო. ეს უფრო სივრცისა და ყოველგვარი ეთნოსის გარეშეა, თუმცა რომ შეხვალთ მიხვდებით, რომ კავკასიაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day