"კონკურენციის სააგენტო არაა მონდომებული, რომ უფრო მეტად ძლიერი ორგანო იყოს“, - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ კონკურენციის სამართისა და მომხმარებლის დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა სოლომონ მენაბდიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სააგენტოს მუშაობაში კვლავ ხარვეზებია, რის ერთ-ერთ მიზეზადაც მენაბდიშვილი არსებულ კანონმდებლობას ასახელებს. სოლომონ მენაბდიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირთან შედარებით საქართველოში ჯარიმების მოცულობა, რომლითაც აგენტები კონკურენციის შესახებ კანონის მიხედვით ჯარიმდებიან, დაბალია.
"კონკურენციის სააგენტოს არ უნდა თავისი უფლებამოსილება ბოლომდე მიიყვანოს და ძლიერი ორგანო იყოს. კონკურენციის სააგენტო თავის ერთ-ერთ ანალიზში წერს, რომ მას არ აქვს უფლება, ეკონომიკური აგენტები ადგილზე შეამოწმოს, თუმცა ასეთი აკრძალვა მას რეალურად არ აქვს. ეს ნორმა ბუნდოვანია და ასეთ ბუნდოვან ნორმებს თავის სასარგებლოდ გაურკვევლად განმარტავს. წერია პირდაპირ, რომ მას სასამართლოს ნებართვით უფლება აქვს შევიდეს და ეკონომიკური აგენტი ადგილზე შეამოწმოს. ის კი ამბობს, რომ ამის უფლება იმ შემთხვევაში აქვს თუკი წინასწარ ექნება სასამართლო თანხმობა, თუმცა ეს კანონში არ წერია.
კონკურენციის სააგენტო არ იჩენს ინტერესს, რომ უფლებამოსილება გაიფართოვოს და უფრო ძლიერი იყოს“, - ამბობს მენაბდიშვილი. მისივე თქმით ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სააგენტოს მუშაობა გამართლებული იყო ფოთის პორტის შემოსავლების სამსახურის შემთხვევაა.
"აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები. ისეთი ორგანო უნდა შეიქმნას, რომელსაც კონკურენციის საკითხებით დაინტერესებული და განათლებული, სერიოზული თეორიული ცოდნის მქონე კადრები ეყოლება, თუმცა ვიტყვი, რომ კონკურენციის სააგენტოში არსებობს რამდენიმე ადამიანი, ვისაც ვაფასებ და ისინი ნამდვილად მოწადინებულები არიან კონკურენციის სამართლის განვითრებით და იციან ეს თემატიკა, მაგრამ სამწუხაროდ 1,2 და 3 მერცხალს გაზაფხული არ მოჰყავს“, - განაცხადა მენაბდიშვილმა და დასძინა, რომ კონკურენციის სააგენტოში კადრების შერჩევის კრიტერიუმები ძალიან დაბალი აქვთ და გარკვეული სახის მიკერძოებებსაც აქვთ ადგილი.