Home
Category
TV Live Menu

კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობის შემთხვევაში, ბიზნესი სრულად ან ნაწილობრივ, გათავისუფლდება ადმინისტრაციული ჯარიმებისგან

58cbaf6942044
BM.GE
17.03.17 13:41
1202
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის, ნოდარ ხადურის 2017 წლის 13 მარტის ბრძანებით, სარეკომენდაციო ხასიათის გზამკვლევი დოკუმენტი, "თანამშრომლობის პროგრამა - საინფორმაციო დოკუმენტი ეკონომიკური აგენტებისათვის", დამტკიცდა.

გზამკვლევი დოკუმენტის შექმნის მიზანია იმ ძირითადი პრინციპებისა და წესების განმარტება, რომელთა გამოყენების შემთხვევაში, სამართალდარღვევის მიუხედავად, ეკონომიკური აგენტები, სრულად ან ნაწილობრივ, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან.

დოკუმენტის თანახმად, თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით, მოკვლევის სხვა მეთოდების გამოყენებისაგან განსხვავებით, კონკურენციის უწყებებს შეუძლიათ ინფორმაციისა და მტკიცებულებების უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მიღება, რაც, საბოლოო ჯამში, დამატებითი საგამოძიებო ზომების გამოყენების გარეშეც, საქმის ეფექტიანი გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა. იმის სანაცვლოდ, რომ შეთანხმების მონაწილე მხარეებმა კონკურენციის უწყებებს მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია თუ მტკიცებულება, ისინი იღებენ კანონმდებლობის დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების შემსუბუქებას, მაგალითად, ჯარიმის შემცირებას.

პროგრამის მიზანია, კარტელურ შეთანხმებაში მონაწილეობა გახადოს ნაკლებად მიმზიდველი, ვინაიდან არსებობს საკმაოდ დიდი რისკი იმისა, რომ მისი რომელიმე წევრი გაამჟღავნებს შეთანხმების არსებობას.

თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათები შეიძლება დაიყოს პირველ, მეორე ან მესამე კატეგორიებად. პირველი კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას 100 პროცენტით და შეიძლება ისარგებლოს მხოლოდ იმ ეკონომიკურმა აგენტმა, რომელიც რიგით პირველი შეიტანს განაცხადს სააგენტოში შეთანხმებაში მონაწილეობის თაობაზე და მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იქნება სააგენტოსთვის ცნობილი. მეორე კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას 20 პროცენტიდან 50 პროცენტამდე. ამ შეღავათით შეიძლება ისარგებლოს იმ ეკონომიკურმა აგენტმა, რომელიც რიგით მეორე შეიტანს განაცხადს თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია რიგით პირველი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემავსებელი იქნება და ამავდროულად არ იქნება სააგენტოსათვის ცნობილი. მესამე კატეგორიის შეღავათი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას 20 პროცენტამდე. ამ კატეგორიის შეღავათით შეიძლება ისარგებლოს იმ ეკონომიკურმა აგენტმა, რომელიც რიგით მესამე ან შემდეგი შეიტანს განაცხადს თანამშრომლობის წესზე. ამასთან საჭიროა, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იყოს შემავსებელი წინა განმცხადებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და ამავდროულად სააგენტოსათვის არ იყოს ცნობილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day