Home
Category
TV Live Menu

კონკურსი, რომლითაც Black Sea Arena-ზე ზაფხულში ჩასატარებელი კონცერტების გრაფიკი უნდა განსაზღვრულიყო, ჩაიშალა

59102fca2e03b
სალომე მეცხვარიშვილი
08.05.17 13:30
894
ინეტერესთა გამოხატვა, რომლითაც Black Sea Arena-ზე ზაფხულში ჩასატარებელი კონცერტების გრაფიკი უნდა განსაზღვრულიყო, ჩაიშალა. ამის შესახებ "საქმის კურსს" Black Sea Arena-ს დირექტორმა ანი კავლელიშვილმა განუცხადა. შედეგად, ამ დრომდე უცნობია, Aerosmith-ის გარდა რა ღონისძიებები ჩატარდება სახელმწიფო პროგრამა Check In Georgia-ს ფარგლებში.

ანი კავლელიშვილის თქმით, ინტერესთა გამოხატვაში რამდენიმე პრომოუტერმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა, მათ მიერ შემოთავაზებული წინადადებები კომისიამ არ მოიწონა. კავლელიშვილი განმარტავს, რომ ზოგიერთი მათგანი არამომგებიანი იყო, ზოგიერთი კი ტურისტულად გაუმართლებელი.

"კონკურსი ჩატარდა, უბრალოდ, გამარჯვებული არ ჰყოლია. კომისიის წევრები იყვნენ დაკომპლექტებული არტისტებისგან, ხელოვანი ადამიანებისგან და ვიყავი მეც. დანარჩენი წევრები იყვნენ აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანები, იყვნენ ხელოვანები, მარკეტერები, რადგან მნიშვნელოვანია, კონცერტები ფინანსურად იყოს მომგებიანი. ასევე, მონაწილეობდნენ ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანები, რომლებიც გვიწევდნენ კონსულტაციებს, რომ ღონისძიებები ტურისტულად მიმზიდველი ყოფილიყო.
მათი აზრით, არ იყო არცერთი პროექტი შემოტანილი, რომლისთვისაც ღირს სახელმწიფოს თანხების დახარჯვა. ისინი არარელევანტური ან არამომგებიანი იყო ან ისეთ ფასად იყო შემოთავაზებული, რომ ჩვენთვის ეს საინტერესო ვერ გახდებოდა. კომისიამ ერთიანად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ საკონკურსო სქემით არ წავსულიყავით და ინდივიდუალურად გვემუშავა",- განაცხადა ანი კავლელიშვილმა.

მისივე თქმით, გადაწყდა, რომ პრომოუტერებს დამოუკიდებლად ემუშავებიან და უახლოეს მომავალში ღონისძიებათა გრაფიკის შესახებ განაცხადებენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day