უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება აღარ მოხდება და აღნიშნული საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერება.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გადაწყვეტილება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო უმრავლესობას და სამთავრობო გუნდს შორის გამართული კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
"კონსტიტუციური ჩანაწერი გახდება იმის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე. ეს არის სტრატეგიული ინტერესი, რომ ქართული მიწა დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს.
ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუპირისპიროთ ორი სტრატეგიული ინტერესი, - ქართული მიწა უნდა დარჩეს არსებითად საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში,მეორე ინტერესი არის ეკონომიკური ინტერესი. ჩვენ ორივე ინტერესი გავაანალიზეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ უპირატესობა მიენიჭოს პირველ ფაქტორს. ეს არაა პოპულისტური გადაწყვეტილება“, - განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ.