„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალზე მომუშავე მუშების აქციას ეხმაურება.
ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლები 10 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზვარეში ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალ სარკინიგზო მაგისტრალზე მომუშავე მუშებს შეხვდნენ. მუშები აპროტესტებენ დამსაქმებელის მიერ დასაბუთების გარეშე სამუშაოდან ორი მუშის გათავისუფლებას და მძიმე სამუშაო პირობებს.
"მუშების ინფორმაციით ანალოგიურ შემთხვევებს, როცა დამსაქმებელი ყოველგვარი დასაბუთებისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე ათავისუფლებდა თანამშრომლებს, ადრეც არაერთხელ ჰქონია ადგილი. მათივე განცხადებით, ხშირად ირღვევა ხელშეკრულების პირობები და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. კერძოდ, მაგისტრალზე მომუშავეთა განცხადებით, მათ მიმართ დამსაქმებელი უხეშად არღვევს საქართველოს შრომის კოდექსს. მათ აქვთ 7 დღე 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი ყოველგვარი ზეგანაკვეთური ანაზღაურებისა და შეთანხმების გარეშე, ასევე ვერ სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე და შვებულების დღეებით. სამუშაო ადგილზე დარღვეულია ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები. კომპანია არ ანაზღაურებს ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯებს, რომელიც გამოწვეულია უსაფრთხოების ნორმების დაცვის უგულებელყოფითა და შესაბამისი უნიფორმის არ ქონით.
ამასთანავე, დამსაქმებელი არ აძლევს დასაქმებულებს ბიულეტენით სარგებლობის უფლებას. აქვე საინტერესოა ერთი გარემოება, რომ დასაქმებულების დიდმა ნაწილმა თავიანთი შრომითი ხელშეკრულება პირველად იხილა მხოლოდ მას შემდეგ, როცა ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელმა დამსაქმებელი კომპანიისაგან გამოითხოვა.
ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტები განაგრძობენ შექმნილი სიტუაციის მონიტორინგს და მომავალშიც დეტალურად დააკვირდებიან პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში დაზარალებულებს აღმოუჩენენ იურიდიულ დახმარებას.
უახლოეს მომავალში ორგანიზაცია გეგმავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა გააცნოს შრომის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესახებ სოფელ ზვარეში მოპოვებული მასალები. ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეფექტიანად და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში განახორციელოს სოფელ ზვარეში ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალ სარკინიგზო მაგისტრალზე მომუშავე მუშების ჰიგიენის, შრომის პირობებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის მონიტორინგი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება", - განმარტავენ არასამთავრობოში.