თანამედროვე მსოფლიოში ბიზნესის ცივილიზებული წარმართვა წარმოუდგენელია კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დაცვის გარეშე.
მას შემდეგ რაც 1600-იან წლებში აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ (Vereenigde Oost-Indische Compagnie, ნიდერლანდები) შემოიტანა დირექტორთა საბჭოს (Court of Directors) ინსტიტუტი, რითაც ერთმანეთისგან განცალკავებული იქნა კომპანიის მფლობელობა და მართვა, საფუძველი ჩაეყარა კორპორაციული მმართველობის საერთაშორისო წესებს. ათწლეულობის განმავლობაში ეს წესები იხვეწებოდა. თანამედროვე ბიზნესში კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას ახალი ძალა მიეცა 1990-იან წლებში, რასაც ბიძგი მისცა წინა პერიოდში გახმაურებულმა კორპორაციულმა სკანდალებმა.
კორპორაციული მართვის საუკეთესო სტანდარტების შემოღება აუცილებელია იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მიზნად ისახავენ კერძო სექტორში ინვესტიციების სტიმულირებას და კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ მოიზიდონ ახალი, დამატებითი კაპიტალი. თუ კომპანიას აქვს ძლიერი და სწორი კორპორატიურლი მმართველობა, ის წარმატებული იქნება ამ პროცესში, სუსტი კორპორატიული მმართველობა კი ასუსტებს კომპანიის პოტენციალს და გზას უხსნის ფინანსურ პრობლემებსა და თაღლითობას.
ცივილიზებული მსოფლიო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები აღიარებენ და მხარს უჭერენ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც შემუშავებულია სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მიერ და ხელს უწყობს გამჭვირვალე და ეფექტიანი კაპიტალის ბაზრების ჩამოყალიბებას და კორპორაციული მართვის საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკის დანერგვას.
დღეისათვის მიჩნეულია რომ არსებობს ბიზნესის ჯანსაღი ფინანსური სისტემის 12 ძირითადი სტანდარტი:
1. მონეტარული და საფინანო პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკისა და გამჭვირვალობის კოდექსი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF));
2. ფისკალური გამჭვირვალობის საუკეთესო პრაქტიკის კოდექსი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF));
3. სპეციალურ მონაცემთა გავრცელების სტანდარტები/ზოგად მონაცემთა გავრცელების სტანდარტები - საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF));
4. გაკოტრების ეფექტური სისტემები და გაიდლაინები და კრედიტორების უფლებების სისტემა - მსოფლიო ბანკი (WB);
5. კორპორაციული მართვის პრინციპები - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD);
6. აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები;
7. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები;
8. სისტემურად მნიშვნელოვანი გადახდის სისტემების ძირითადი პრინციპები (საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის გადახდისა და ანგარიშსწორების სისტემების კომიტეტი - CPSS) და რეკომენდაციები უსაფრთხო ანგარიშსწორების სისტემებისთვის (საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის გადახდისა და ანგარიშსწორების სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციების ტექნიკური კომიტეტი - CPSS-IOSCO);
9. ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის 40 რეკომენდაცია და ტერორისტების დაფინანსების შემთხვევების 9 სპეციალური რეკომენდაცია (FATF);
10. ბანკების ეფექტიანი ზედამხედველობის ძირითადი პრინციპები - ბანკების ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტი (BCBS);
11. ფასიანი ქაღალდების რეგულირების მიზნები და პრინციპები - ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაცია (IOSCO);
12. დაზღვევის ძირითადი პრინციპები - სადაზღვევო ზედამხედველობის საერთაშორისო ასოციაცია (IAIS)).
თანამედროვე ტიპის კომპანიებში ღია ტიპის მმართველობა - რეალური სამეთვალყურეო საბჭო, დამოუკიდებელი დირექტორების არჩევა საბჭოში, დაქირავებული აღმასრულებელი დირექტორები, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალეობა, სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა, არის კარგი ტონის მაჩვენებელი. იმედი გვაქვს რომ ქართული კომპანიები იწყებენ სვლას ამ მიმართულებით.
საერთაშორისო სტანდარტების წარმატებული იმპლემენტაცია აძლიერებს ქვეყნის შიდა ფინანსურ სისტემას. ხელს უწყობს ჯანსაღი მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემის შექმნას, უფრო მეტ გამჭვირვალობას და ეფექტიანი ინსტიტუტების, ბაზრებისა და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეხმარებიან საქართველოს კორპორაციული მმართველობის შეფასებაში რათა მიღებული იქნას შესაბამისი კანონები და რეგულაციები. ამ მიმართულებით მთავარი წარმმართველი ძალა, მთავარი აქტორები უნდა გახდნენ საქართველოს საფინანსო სისტემის რეგულატორები და ქართული ბირჟა, რომელთა აქტივობით მიღებული უნდა იქნას „კორპორაციული მართვის კოდექსი“ - აუცილებელი დოკუმენტი კაპიტალის ბაზრის ასამუშავებლად.