Home
Category
TV Live Menu

"კორუფცია სასამართლო სისტემაში უპირველეს დაბრკოლებად იქცა ინვესტიციების შემოდინებისთვის"

59140a63322bf
BM.GE
11.05.17 10:52
901
ფადი ასლის მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი ოფიციალურად გადაეცა. ფადი ასლის განცხადებით, აღნიშნულ სარჩელში ვლადიმერ კაკაბაძე ირწმუნება, რომ მისთვის კორუმპირებულის წოდებით მან შელახა მისი ღირსება და რეპუტაცია.

"მოსამართლეთა ღირსება და რეპუტაცია მათ მიერ გამოტანილი სასამართლო განაჩენების შედეგია და სწორედ ამიტომ, ზოგიერთი მოსამართლე უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობს, ზოგი კი - არასახარბიელო. მოსამართლე კაკაბაძის ქმედებები და გადაწყვეტილებები ტერაბანკის, ფილიპ მორისისა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს საქმეებთან დაკავშირებით, წარმოადგენდა კორუმპირებულ და სამარცხვინო ლაქას ქართული სასამართლო სისტემისთვის. თავისი კორუმპირებული ქმედებებით, ვლადიმერ კაკაბაძემ არამარტო პირადი რეპუტაცია დააზარალა, არამედ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ მან ზიანი მიაყენა სრულიად ქართული სასამართლო სისტემის რეპუტაციას, ღირსებასა და სანდოობას", - წერს ფადი ასლი საკუთარ ოფიციალურ განცხადებაში.

ამასთან, 2017 წლის 24 მარტს, საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა მოსამართლე კაკაბაძის ხელფასის შეჩერებისა და სრული გამოძიების მოთხოვნით.

"ვფიქრობ, უცნაურია, რომ მოსამართლე კაკაბაძეს სარჩელი შეაქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მისი საქმის გამოძიების დასრულებამდე. 2017 წლის 30 მარტს საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოაქვეყნა მოსამართლე კაკაბაძის ორი საქმის დეტალური ანალიზი, სადაც გამოიკვეთა არაერთი დარღვევა. კურიოზულია, რომ მოსამართლე კაკაბაძეს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეაქვს, სწორედ იმ სასამართლოში, რომელმაც სამჯერ გამოაქვეყნა უპრეცედენტო განცხადება მოსამართლე კაკაბაძისა და მისი კორუმპირებული გადაწყვეტილებების დასაცავად.

აქვე აღსანიშნავია, რომ მოსამართლე კაკაბაძე სწორედ ამ სასამართლოშია გამწესებული მოსამართლედ. კორუფცია სასამართლო სისტემაში იქცა უპირველეს დაბრკოლებად ინვესტიციების შემოდინებისთვის. კორუმპირებული მოსამართლეების დასაცავად, მათი მამხილებლების წინააღმდეგ სანქციების შეთავაზების ნაცვლად, უმჯობესია, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მკაცრი ზომები მიიღოს სასამართლო სისტემის იმ კორუმპირებული ელემენტებისგან გასაწმენდად, რომლებიც საქართველოს სამარცვინო ლაქას წარმოადგენენ და რომლებიც ანადგურებენ ქვეყნის იმიჯს", - ვკითხულობთ ფადი ასლის განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day