საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დაკვეთით, კომპანია KPMG-მ „ბიზნესპროცესების აუთსორსინგის კვლევა“ მოამზადა.
დოკუმენტი ექსკლუზიურად „ბიზნესკონტრაქტისთვის“ გახდა ცნობილი. მისი მიზანი ბიზნესპროცესების აუთსორსინგის და IT აუთსორსინგ ინდუსტრიის ყველაზე მიმზიდველი სეგმენტების იდენტიფიკაცია და საქართველოს, როგორც ამ სექტორების განვითარებისთვის ხელსაყრელი ქვეყნის შესაძლებლობების დადგენაა.
კვლევაში მოცემულია მსოფლიო ბაზრის ანალიზი, მიზნობრივი სეგმენტების დადგენა და რჩევები და რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება გაიზარდოს საქართველოს პოტენციალი მომავალი 5 წლის განმავლობაში.
კვლევის თანახმად, 2014 წლის მონაცემებით, IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგზე გლობალური მოთხოვნის უდიდესი წილი მოდის ამერიკასა და ევროპაზე და წლიდან წლამდე მზარდია მოთხოვნა ამ სახის მომსახურებაზე. უფრო დეტალურად კი, ფინანსური მომსახურებისა და მრეწველობის სექტორები სარგებლობენ ყველაზე ხშირად აუთსორსინგით. მესამე და მეოთხე პოზიციები კი უკავია კომუნიკაციებს და ახალ ინდუსტრიებს. ყველაზე მზარდი მოთხოვნა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგზე არის საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვის, ტურიზმის და ენერგეტიკის სფეროებში.
IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ექსპორტის ზომის მიხედვით, მოწინავე ქვეყნების ჩამონათვალს თუ შევხედავთ, ინდოეთი არის ყველაზე დიდი. მისი უპირატესობა როგორც კვლევიდან ჩანს, არის რესურსების დაბალი ღირებულება და მუშა ხელის სიმრავლე; ღირებულებით ინდოეთს ჯერ ვერ ეწევა მაგრამ IT ინდუსტრია განვითარებული არის ჩინეთშიც, რომელიც სინგაპურისთვის, ასევე იაპონიისთვის მომსახურების მთავარი მიმწოდებელია. დიდია ასევე მექსიკის წილი და მისი მიმზიდველობა სიიაფის და აშშ-თან სიახლოვის გამო.
როგორც კვლევიდან ირკვევა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აუთსორსინგის ლიდერი არის პოლონეთი. გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, საქართველოს ასევე ვთქვათ, პოტენციური კონკურენტები არიან დსთ-ის ქვეყნები - ბელარუსი, სადაც 650 კომპანიაზე მეტი ოპერირებს IT ბაზარზე. ეს ბაზარი კარგადაა განვითარებული რუსეთშიც - იქ დაარსებული რამდენიმე კომპანია მსოფლიოს საუკეთესო IT კომპანიების სიაშიც შედის. 1000-ზე მეტი IT კომპანიით აუთსორსინგისთვის პოპულარული ქვეყანაა ასევე უკრაინა და მოლდოვა.
რაც შეეხება საქართველოს, KPMG-ის შეფასებით, IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ინდუსტრია არ არის საქართველოში განვითარებული. ბაზარზე სულ რამდენიმე კომპანიაა და სექტორში სულ 500-დან 750-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანიები, ძირითადად უზრუნველყოფენ სატელეფონო, ადამიანური რესურსების მართვის აუთსორსინგისა და IT მომსახურებებს. კომპანიები მომსახურებას უწევენ როგორც ადგილობრივ, ასევე ინგლისურ და რუსულენოვან ქვეყნებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის ავტორებმა პოტენციურ კონკურენტებს შეადარეს საქართველო რამდენიმე კრიტერიუმით და გამოკვეთეს უპირატესობები და სუსტი წერტილები. კერძოდ, საქართველოს გააჩნია მეორე ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი გადასახადის დაკავებამდე; ასევე კომუნალური ხარჯების კუთხითაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე ეკონომიური ადგილმდებარეობა აქვს. რაც შეეხება ენებს, საქართველო ლიდერობს რუსულ ენაზე მოსაუბრე შემსრულებლების რაოდენობით; ამასთან, საოფისე იჯარის გადასახადის ხარჯები საქართველოში ოდნავ მაღალია, ვიდრე სლოვაკეთში, უნგრეთსა და ესტონეთში.
კვლევის შედეგების მიხედვით, KPMG-იმ შეარჩია 6 ქვე-სექტორი, რომელსაც საუკეთესო საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია საქართველოში და მათზე მოამზადა საინვესტიციო წინადადებები ფინანსური დასაბუთებით. ამ სექტორებს შორისაა: ფინანსები და აღრიცხვა (F&A), კლიენტებთან ურთიერთობის მართვა (CRM), ადამიანური რესურსების მართვა (HR), ტელეკომუნიკაციების სერვისები (IS – Telecom), წარმოების სერვისები (IS – Manufacturing) და IT ინფრასტრუქტურის მართვა (data centers).
KPMG-ის გათვლებით, სექტორის განვითარების შემთხვევაში 2020 წლისთვის შესაძლოა შეიქმნას 23-დან 40 000-მდე სამუშაო ადგილი, მისი წილი მშპ-ში შეიძლება იყოს 1.1%-მდე და მნიშვნელოვანი და დადებითი გავლენა ექნება ექსპორტზე და შესაბამისად, ლარის კურსზე.
კვლევაში მთელი რიგი ქმედებებია გაწერილი იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს IT და ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სექტორის განვითარებისთვის. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ამ ინდუსტრიის პოპულარიზაცია და კარგი იმიჯის შექმნა. ასევე საჭიროა ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით, რადგან კოდექსში არ არსებობს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის კონცეფცია; ასევე კვლევის ავტორები მნიშვნელოვანი ინვესტიციების გენერირებისთვის საქართველოს მთავრობას ურჩევენ ფოკუსირებულ მუშაობას 10-20 პოტენციურ ინვესტორთან.