2017 წლის 20 მარტს სს "კრედო ბანკმა" საბანკო საქმიანობის ლიცენზია მიიღო. სს "კრედო ბანკის" მფლობელები არიან: AccessHolding – გერმანული გლობალური მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ქსელი და სოციალური გავლენის ინვესტორები responsAbility Investment AG და Triodos Investment BV.
სს "კრედო ბანკი" მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფს როგორც მიკრო და მცირე ბიზნესებს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაფინანსების უპირატესობით, ასევე ფიზიკურ პირებს. მისი პორტფელი 457,6 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო აქტივები - 577,7 მილიონ ლარს.
საწყის ეტაპზე ბანკი მომხმარებლებს სასესხო პროდუქტებზე გაზრდილ ლიმიტებს შესთავაზებს, ხოლო ეტაპობრივად იგეგმება მრავალფეროვანი საბანკო-საფინანსო მომსახურების განვითარება, საცალო საბანკო პროდუქტების ჩათვლით. გაფართოვდება ფილიალების ქსელიც.
ამ ეტაპზე ბანკში 1,860 ადამიანია დასაქმებული და იგი 62 ფილიალის მეშვეობით ემსახურება 223 ათასზე მეტ აქტიურ მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით.
"ტრანსფორმაცია ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გამოწვევაა ჩვენი კომპანიისთვის. კრედო ბანკი" დარჩება ერთგული იმ პრინციპების, რომელიც გულისხმობს, მგრადობას და განვითარების ამბიციურ სტრატეგიას. მოხარულები ვართ საბანკო ლიცენზიის მიღებით და გვჯერა რომ ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება“, - განაცხადა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.
‘“კრედო ბანკს დინამიურ ბაზარზე განვითარების ახალი შესაძლებლობები გაეხსნა. ჩვენ ვიცით რომ ეს კლიენტების მიმართ დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს„, - განაცხადა "კრედო ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დან ბალკემ.