"ვფიქრობ დროთა განმავლობაში კრიპტოვალუტების რეგულირების შემოღება დღის წესრიგში დადგება", - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა BM.GE-ს კითხვას, კრიპტოვალუტების რეგულირებასთან დაკავშირებით. კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით რეგულაცია არცერთ მარეგულირებელს არ შემოუღია, რადგან ყველა აკვირდება სიტუაციას. მისი თქმით, სებ-ის პოზიციაა, რომ მსგავსი აქტივების ფასი არის ძალიან მერყევი და მათ, ვინც ინვესტიციას აკეთებს ამ მიმართუებით უნდა გაითვალისწინონ ეს რისკი. კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ პროცესებზე დაკვირვებისა და შესწავლის შემდეგ დროთა განმავლობაში ელექტრონული ვალუტის ბაზრის რეგულირება აუცილებლად დადგება დღის წესრიგში.
"ჩვენ ვუყურებთ სიტუაციას, ჩვენ ვადევნებთ თვალსყურს თუ რა ხდება ამ მიმართულებით. ჩვენ გაფრთხილებაც გამოვუშვით ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ვთქვით, რომ ასეთი სახის აქტივების ფასი არის ძალიან მერყევი და აქედან გამომდინარე მათ, ვინც ინვესტიციას აკეთებს ამ მიმართულებით უნდა გაითვალისწინონ ის დიდი რყევები, რაც ახასიათებთ ამ სახის აქტივებს.
ჯერჯერობით რეგულაცია არცერთ მარეგულირებელს არ შემოუღია. ისეთი დიდი ბანკები როგორიცაა ფედერალური რეზერვების ბანკი, კანადის ბანკი, იაპონიის ბანკი და ა.შ სწავლობენ სიტუაციას. ვფიქრობ ,დროთა განმავლობში ასეთი რეგულაციის შემოღება იქნება საჭირო და დღის წესრიგში დადგება. ახლა არის დაკვირვების პერიოდი, გროვდება ინფორმაცია, რომელ სფეროში მონაწილეობენ ეს კრიპტოვალუტები, როგორ შეიძლება მათი გამოყენება. ვფიქრობ, ეს დაგროვებული იფორმაცია უკვე მისცემს საშუალებას მარეგულირებლებს, რომ მათ რეგულაციები შემოიღონ. სწავლისა და დაკვირვების პერიოდში ვიმყოფებით", - განუცხადა BM.GE-ს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.