Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფულად გაზრდილია”

BM.GE
25.12.20 14:09
537
კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება კატასტროფულად გაზრდილია - ეს განცხადება გუშინ ენერგო პრო ჯორჯიამ გაავრცელა. მათი განმარტებით, მესტიის ცენტრში არსებული სასტუმრო "ბანგურიანის“ დამხმარე ფართში, პოლიციამ კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა აღმოაჩინა, რომლებიც უკანონოდ მოიხმარდნენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. “სასტუმრო "ბანგურიანში“ აღმოჩენილი დატაცება უტოლდება 4-5 საშუალო სოფლის მოხმარებას. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მესტიის რაიონი, ამ დროისთვის საშუალოდ მოიხმარს 12-14 სხვა რაიონის სამყოფ ელექტროენერგიას. ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას ფიზიკურად ვერ უძლებს ადგილზე არსებული ელექტროქსელი” - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაინინგის თემა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის - IDFI-ის - ნოემბრის თვის ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვაშიც მოხვდა. მიმოხილვის მიხედვით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე სამჯერ აღემატება მოხმარებას დანარჩენ საქართველოში. ანგარიში აფხაზეთში მაღალ მოხმარებას ძირითადად უფასო ელექტროენერგიით და კრიპტომაინინგით ხსნის.

საქართველოსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის არსებობს არაფორმალური, თუმცა მოქმედი შეთანხმება ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის განაწილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გამომუშავებული ენერგიის 40% აფხაზეთის, ხოლო 60% – დანარჩენი საქართველოს მომარაგებას ხმარდება.

დაახლოებით 5 დღეა, რაც აფხაზეთში მაინინგი აიკრძალა. ამის ერთი მიზეზი კი დიდი ალბათობით სწორედ ის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის იანვრის ბოლოდან მინიმუმ 3 თვე ენგურჰესი რეაბილიტაციის მიზნით სრულად ჩერდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთი, რომელიც ზამთარში ენგურჰესის გამომუშვებული ელექტროენერგიის თითქმის 100-ვე პროცენტს მოიხმარს, თან უფასოდ, ელექტროენერგიის გარეშე რჩება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მარიონეტულ მთავრობას მოუწევს ელექტროენერგია რუსეთის ფედერაციისგან იყიდოს.

“2020 წლის 11 თვეში, აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ ენგურჰესის გენერაციის 88% შეადგინა. წლიურ ჭრილში 24%-ით გაიზარდა. რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელ. ენერგიის მოხმარება. აღნიშნული, გარკვეულწილად გამოწვეულია ენგურჰესის გენერაციის შემცირებით მიმდინარე წელს” - აღნიშნულია IDFI-ის ანგარიშში.

სტუმარი: გივი ადეიშვილი - IDFI; ანალიტიკოსი





Subscribe to our news

Get the main news of the day