“საჯარო მმართველობა: საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულების კვლევა”, - ასე ეწოდება UNDP-ის და ACT-ის მიერ ჩატარებულ კვლევას.
კვლევაში შესწავლილია საზოგადოებისა და საჯარო მოხელეების დამოკიდებულება საჯარო სამსახურის, სახელმწიფო სერვისებისა და მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართ. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2,400 საქართველოს მოქალაქე, 29 სახელმწიფო უწყების 831 საჯარო მოხელე, თვისებრივი მონაცემების მოპოვების მიზნით, ჩატარდა ფოკუსური ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები. კვლევა მომზადდა პროექტის "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში'' ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის ფინანსური დახმარებით
კვლევის ფარგლებში, კონკრეტული უწყებებისა და სერვისებით მომსახურების კმაყოფილებასთან ერთად რესპონდენტებმა ზოგადად შეაფასეს სახელმწიფო სერვისები. სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის ბოლო შემთხვევების მხოლოდ 10%-ში დაფიქსირდა უკმაყოფილება, ძირითადად კი, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (88%) კმაყოფილია მიწოდებული სერვისებით.
რაც შეეხება მომსახურებით კმაყოფილებას უწყებების დონეზე: ყველაზე მაღალ შეფასებას იუსტიციის სახლი (94%), 112 (93%), შემოსავლების სამსახური (93%) და შსს-ს მომსახურების სააგენტო (92%) იმსახურებენ; უკმაყოფილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი სოციალური მომსახურების სააგენტოსა (25%) და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მერიისა და გამგეობის მიმართ ფიქსირდება (20%).
მომსახურებით კმაყოფილებას, პირველ რიგში, პერსონალის ყურადღებიანობა განაპირობებს (73%); ამასთან, კმაყოფილების განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი პარამეტრებია პერსონალის კომპეტენტურობა (57%) და მომსახურების სისწრაფე (51%). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკმაყოფილების გამომწვევ მიზეზებს შორის ყველაზე ხშირად მომსახურების დაბალი ტემპი (10%) და რიგების მართვა (7%) სახელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომსახურების სისწრაფე მომხმარებელთა კმაყოფილების განმაპირობებელი უმნიშვნელოვანესი პარამეტრია.
რესპონდენტებმა მომსახურების ხარისხის მცირედით, მაგრამ მაინც გაუარესებაზე მიუთითეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების თვალსაზრისით. ისინი ძირითადად ხაზს უსვამდნენ მომსახურების ტემპის შენელებასა და პაციენტების მიმართ მედიკოსების არაგულისხმიერ დამოკიდებულებას.
საჯარო სამსახურის მთავარ სისუსტეებზე საუბრისას აღმოჩნდა, რომ რესპონდენტები პირველი რიგის პრობლემად პროფესიონალი კადრების ნაკლებობას მიიჩნევენ.