"ქართული კომპანიების მხოლოდ 6% აცხადებს, რომ DCFTA-თ გათვალისწინებულ სავაჭრო რეჟიმს იყენებს“, - ვკითხულობთ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) ფარგლებში ჩატარებულ კვლევაში, რომელიც გასული წლის ბოლოს ჩატარდა.
აღნიშნული კომპანიების 60% დიდი ზომის შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს წარმოადგენს.
„იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმების გამოყენებისათვის საწარმოები გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ, გასაგებია მცირე ზომის ინდივიდუალური მეწარმეების ნაკლები ჩართულობა პროცესში.
DCFTA-ში მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი ხელშეკრულების განხორციელების ძალაში შესვლიდან გასული მოკლე პერიოდით შეიძლება ავხსნათ. თუმცა, ხელისუფლების მოლოდინებსა და იმედებთან გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის ის ფაქტი, რომ რეჟიმის გამოუყენებლობის ძირითად მიზეზს საწარმოთა დაბალი ინტერესი წარმოადგენს. გამოკითხული კომპანიების 63% აცხადებს, რომ აღნიშნული სავაჭრო რეჟიმით დაინტერესებული არ არის. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ზოგადად, გამოკითხულ კომპანიებში ძალიან მცირეა ექსპორტით დაკავებული საწარმოები. თუმცა, თუ ექსპორტიორ კომპანიებს ცალკე გავაანალიზებთ, ვნახავთ რომ მათი 70% არ იყენებს აღნიშნულ რეჟიმს და თითქმის ნახევარი (46%) არც არის ამით დაინტერესებული.
არსებული მდგომარეობის უცვლელობის შემთხვევაში რთული იქნება იმ მოლოდინების გამართლება, რაც DCFTA-ში საქართველოს ჩართულობას უკავშირდება. კერძოდ, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდა, საინვესტიციო მიმზიდველობა, ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენა. ამდენად, აუცილებელია დამატებითი კვლევა, რათა დადგინდეს ქართული ბიზნესის მხრიდან ინტერესის ნაკლებობის მიზეზები მოცემული საკითხისადმი“, - განმარტავენ კვლევის ავტორები.