Home
Category
TV Live Menu

ლაღიძის ოჯახი: კაფის დაბრუნების საკითხზე არავინ დაგვკავშირებია

5a41f4682b292
სალომე მეცხვარიშვილი
26.12.17 10:59
1037
ლაღიძის ოჯახს კაფის დაბრუნებასთან დაკავშირებით ხელისუფლებიდან არავინ დაკავშირებია,- ამის შესახებ bm.ge-ს ქართველი ბიზნესმენის მიტროფანე ლაღიძის შთამომავალმა თორნიკე ლაღიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხდების შემდეგ მათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირი არ ჰქონიათ.

"ვის უნდა მივმართოთ თვითონ დაიწყეს ამაზე საუბარი. მე რა უფლება მაქვს, რომ მივმართო?!",- აცხადებს თორნიკე ლაღიძე.

ამ საკითხთან დაკავშირებით bm.ge თბილისის მერიასაც დაუკავშირდა, თუმცა, უწყებაში განგვიცხადეს, რომ ამ მიმართულებით ახალი არაფერია.

ლაღიძის კაფის ისტორიულ ადგილზე აღდგენის სურვილი საქართველოს პრემიერმინისტრმა ერთი თვის წინ გამოთქვა და შესაბამისი დავალება თბილისის მერს კახი კალაძეს მისცა.

"ვისურვებდი, რომ „ლაღიძის წყლები“ და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რუსთაველის 24-ში არსებული ფართი, რომელშიც წლების განმავლობაში ლაღიძის წყლების დაგემოვნება იყო შესაძლებელი, შპს "ლინკოლნ მენეჯმენტი ჯორჯიას" საკუთრებაა. კომპანიას ყოფილი კაფის ორივე სართული (პირველი სართული და სარდაფი) გაქირავებული აქვს. ზედა სართულზე 130 კვ.მ.-ზე ამჟამად ტანსაცმლის მაღაზია Next-ია განთავსებული.

ქვედა სართულზე კი კაფე "აჭარულები ლაღიძეზე" მდებარეობს, თუმცა, მას კავშირი მიტროფანე ლაღიძის ოჯახთან არ აქვს. ადგილზე კაფე 2014 წელს ვახტანგ ათაბეგაშვილმა გახსნა. მას ტერიტორია იჯარით 2019 წლამდე აქვს აღებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day