ოზურგეთის დაბა ლაითურში მცხოვრები ისრაელელი ფერმერი ქვეყნის სპეცსამსახურებს მოსმენებში, თვალთვალსა და შევიწროებაში ადანაშაულებს. ბიზნესის წარმოებისას შექმნილ პრობლემებზე ებრაელი ბიზნესმენი იგორ ასკაროვი ბიზნესკონტრაქტთან საუბრობს.
-ბატონო იგორ, რა არის ის პრობლემები, რასაც ბიზნესის წარმოებისას თქვენ აწყდებით?
-მე Facebook-ზე დავწერე ჩემს დევნას როგორ ახორციელებენ. ამ თემაზე რამდენიმე ფილმიც არსებობს, სადაც ასახულია კომპანიის ტერიტორიაზე მოწოდებები და დემონსტრაციები როგორ ხდებოდა იმისთვის, რომ მე კომპანია და ეს ტერიტორია დამეტოვებინა. საეჭვო პირები მოსახლეობას უხსნიდნენ თითქოს მე მოპარული მაქვს მიწები. ადგილობრივ მოსახლეობას დოკუმენტებს აჩვენებენ და უმტკიცებდნენ, რომ მე ეს მიწები მოპარული მაქვს.
- სოფელ ლაითურში რა ბიზნეს აწარმოებთ?
-დაახლოებით ოთხნახევარი წლის წინ გურიაში სოფლის მეურნეობის კომპანია ჩამოვაყალიბე. 50 ჰექტარი მიწა შევიძინეთ და საქმის წარმოებას ვცდილობთ. ჩაის პლანტაციები მოვიყვანეთ წესრიგში, ახალი მეთოდებით სარეველებისგან ვწმენდდით ტერიტორიას, ხურმა დავრგეთ, ჩინეთიდან წითელი კივი ჩამოვიტანეთ და გავახარეთ, რომელიც ძალიან გემრიელია. საქმიანობის გაზრდას ვცდილობთ და მესაქონლებას გვინდა ხელი მოვკიდოთ, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ხელს გვიშლიან.
-თუ შეგიძლიათ კონკრეტულად გვითხარით, ვინ არის თქვენი საქმიანობის ხელისშემშელელი ფაქტორი და ხელს როგორ გიშლიან?
- სამი წლის წინ მე კომპანიის ტერიტორიაზე ხეები მოჭრის ნებართვა მივიღე, რადგან ძალიან დიდი ზომის ნაძვები იყო და ხელს გვიშლიდა. საჭირო იყო მიწის დამუშავება, კულტივაცია, ჩაის პლანტაციების მოწესრიგება და ყოველივე ეს ამ ხეების მოჭრას მოითხოვდა. მოსაკრებელი გადავიხადე, რის შედეგადაც გამგეობიდან ნებართვა მივიღე და დაავადებული და მეხისგან დამწვარი ხეები მოვჭერი. 20 ნაძვის მოჭრა მოგვიწია და დაახლოებით 10 000 ნაძვი დავრგეთ. ვიღაცამ ტელევიზიები, რადიო, პრესა გამოიძახა. პოლიცია და ბუნების დაცვის სამსახურიც გამოცხადდა, რომელმაც მუშები გაყარეს, ყველაფერი დალუქეს და საბუთები წამართვეს. ჩემი საბუთების დაბრუნებას და საქმიანობის გაგრძელების ნებართვას ერთი თვის განმავლობაში ველოდებოდი, თუმცა ტელევიზიებმაც გამოაცხადა, რომ თურმე მე მიწები და სახელმწიფო ტყის ზოლი მოვიპარე, პრესამაც გამოაქვეყნა სტატიები, რომ ასობით ხე მოვჭერი და უბრალოდ სად აღმოაჩინეს ეს ასი ხე არ ვიცი. საბოლოოდ ეს თემა გაარკვიეს და აღიარეს, რომ ეს ყველაფერი მე მეკუთვნოდა. ერთი წლის შემდეგ ისევ გამოცხადდა პოლიცია, გარემოს დაცვის სამსახური და ფაქტიურად შემოვარდნენ.
-ვიცით, რომ მრავალათასიანი სანქციები დაგეკისრათ - რასთან დაკავშირებით მოხდა ეს და ვინ დაგაკისრათ?
-ზუსტად იგივე ხეების გამო მეორეჯერ გამასამართლეს, ყველაფერს ყადაღა დაადეს, დალუქეს. მე პოლიციამ დამაპატიმრა, საკანში აღმოვჩნდი და 7 000-ზე მეტი ჯარიმა გადავიხადე. როდესაც მიზეზი ვიკითხე, მიპასუხეს, რომ ბუნებას ზარალი მივაყენე. სპეციალისტებს ვესაუბრე, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ეს საგზაო ზოლი კვდებოდა. ვფიქრობ, რომ კარგია, რომ 10 000 ნაძვი დავრგეთ. სწორედ გარემოს დაცვის სამსახური აცხადებს, რომ ბუნებას ზარალი მივაყენეთ. რა ზარალზეა საუბარი ვერ გავიგე.
იარაღი დამადეს და დამაპატიმრეს და მეუბნებოდნენ, რომ ისრაელში სამჯერ დაგხვრეტდნენო. კითხვას ვსვამ რატომ, რისთის?
-ვისთან გაქვთ თქვენ ოფიციალური სტრუქტურებიდან კომუნიკაცია, გამოსავალს რაში ხედავთ, როგორ შეიძლება აღნიშნული პრობლემა გადაიჭრას?
-არანაირად არ გადაიჭრება, მე ჯარიმა გადავიხადე, რადგან გამაფრთხილეს, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში საერთოდ ფუნქციონირებას აუკრძალავდნენ კომპანიას. ჯერჯერობით ვერავინ ვერ ამიხსნა რისთვის გადავიხადე 7500 ლარი.
-ამ სანქციის გადახდის შემდეგ თქვენ ელოდებით, რომ იგივეს გამეორება ისევ შესაძლებელია და კვლავ შეიძლება დაჯარიმდეთ?
-მე არ მჭირდება მოლოდინი, ეს ისედაც გრძელდება. პროკურატურიდან ზარების განხოირციელებას ჩემთან აგრძელებენ. გამოცხადებისათვის უწყება არავის გამოუგზავნია, მაგრამ მირეკავენ. იურისტებმა ამიხნეს, რომ თუ უწყებას არ გამოგზავნიან, ასეთ შემთხვევაში არ უნდა მივიდე. მანამდე პოლიციიდანაც მირეკავდნენ და მაშინებდნენ. პოლიცია ჩემს ტერიტორიაზე ძალიან ხშირად ცხადდება ხოლმე. ამას ის ტყუილიც ემატება, რომ საჩივარი შეიტანეს თითქოს ვიღაცას იარაღით დავსდევდი და ამბობენ, რომ ამის ბევრი მოწმეა და ძალიან მაინტერესებს ნეტავ ვინ არის. ფაქტიოურად მე ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, ავტომობილი გააჩერეს და რომ გადმოვედი იმის გასარკვევად თუ რა ხდებოდა დიდი ქვები დამიშინეს.
-თქვენი აზრით ამ ყველაფრის მიზეზი რა არის?
-მე იქ კონკურენტი არ მყავს. ერთადერთი ებრაელი ვარ, ისრაელის მოქალაქე გურიაში და განტევების ვაცი აღმოვჩნდი. ებრაელს მხედავენ და უნდათ უსიამოვნება მომაყენონ. ისეთი ადამიანები მოდიან ჩემთან, ვისაც ცხოვრებაში ცოცხალი ებრაელი, ანუ ისრაელის მოქალაქე არ უნახავს. მოდიან, რომ შემხედონ და რამდენიმე კითხვა დამისვან. სულ ერთი და იგივე კითხვებია თუ რატომ ვაცვი ჯვარს იესო ქრისტე, რატომ ვსვამ ჩვილთა სისხლს და ა.შ. მე უკვე ამ ყველაფერს შევეჩვიე და ეს ჩემთვის სასაცილოა.
-გამოსავალზე რას იტყვით, რას აპირებთ, თუ იცით ამ ყველაფერს ვინ აწყობს იქნებ უჩივლოთ, თუ კიდევ ახალი პრობლემები შეექმნება თქვენს ბიზნესს?
-მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება და ბიზნესს ვწყვეტ. გადავწყვიტე თანხა აღარ ჩავდო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსფაქტიურად წერილი მივწერე „ფეისბუქის“ მეშვეობით. ჩემი აზრით, მხოლოდ ის შეიძლება ამის უკან იდგეს. ამას ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ვამბობ, რადგან მსგავსი პრობლემები საბჭოთა კავშირში მქონდა უშიშროებასთან იმიტომ, რომ ებრაელი ვარ. იგივე მეორდება აქაც, თითქოს რაღაც მსგავსი მოტივები მესმის. 30 წლის წინ რაც ხდებოდა ახლა თქვენს ქვეყანაში მეორდება. ჩემთვის არაფერი გასაკვირი არაა. ვის უნდა ვუჩივლო არ ვიცი.
-ამ დროისთვის რა თანხა გაქვთ ინვესტირებული და რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?
-დღეს უკვე თითქმის აღარავინ აღარ მუშაობს. დაახლოებით 2 მილიონზე მეტი ჩავდე. ადამიანებს აშინებედნენ და ამიტომ აღარ არიან დასაქმებულები. ჩემს თანამშრომლებს ნაჯახებით უვარდებოდნენ, აშინებდნენ, პოლიციაში იბარებდნენ სამუშაო დღეს, ამის ფულს მე ვუხდიდი და მათ გადაწყვიტეს, რომ აღარ იმუშავებდნენ. პოლიცია და პროკურატურა კი აცხადებს, რომ ვალდებული არ არის და არანაირ დოკუმენტს არ მაძლევენ. ამის დამტკიცება არ შემიძლია, გარდა ყოფილი კომპანიის თანამშრომლების ჩვენებისა. ეს დაახლოებით 20-დან 60 ადამიანამდე იყო სეზონიდან და სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარეობდა.