საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, საქართველოში საგარეო სექტორის კორექციის გამო, ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. მისი თქმით, ოპტიმისტური მოლოდინების გამო, ლარი იმაზე მეტად იყო გამყარებული, ვიდრე ამას ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა.
"ცენტრალური ბანკები როგორც წესი კურსის მოკლევადიან ცვლილებებზე კომენტარს არ აკეთებენ, ჩვენც ვცდილობთ თავი შევიკავოთ რომ ბაზარზე გარკვეული მოლოდინები არ გავაჩინოთ.
საქართველოში საგარეო სექტორის კორექციის გამო, ლარს გამყარების ტენდენცია აქვს. ოპტიმისტური მოლოდინების გამო, ლარი იმაზე მეტად იყო გამყარებული, ვიდრე იმ მომენტისათვის არსებული ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა, რასაც ბუნებრივია კორექცია მოყვა. ეს სავალუტო ბაზრისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და გაცვლით კურსს წრფივი დინამიკა არასოდეს აქვს", - განაცხადა მესტვირიშვილმა.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ბრიტანეთში გამართული რეფერენდუმის შედეგებმა საერთაშორისო ბაზრებზე სავალუტო კურსების ცვლილება გამოიწვია და გავლენა იქონია ლარის კურსზეც.
"ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა საერთაშორისო ბაზრებზე გამოიწვია სავალუტო კურსების ცვლილება და მათ შორის მოლოდინების არხით გავლენა იქონია ლარის კურსზე. გასათვალისწინებელია, რომ მცურავი კურსის პირობებში კურსის გაუფასურებას აუცილებლად გამყარება მოყვება.
ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა სესხების დოლარიზაციაა. მსესხებლებს ვურჩევთ სესხი აიღონ მხოლოდ ეროვნული ვალუტით, ასევე გრძელვადიან დანაზოგი უმჯობესია გახორციელდეს ეროვნული ვალუტით. მოსახლეობამ და ბიზნესმა, თუ არ უნდათ დამატებითი რისკების აღება, მაშინ უნდა შეიძინონ უცხოური ვალუტა და მაშინ გაყიდონ როდესაც ეს ჭირდებათ. კურსის პროგნოზირების მცდელობისა და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი უნდა შეიკავონ“, - აცხადებს მესტვირიშვილი. მისივე განცხადებით, ეროვნული ბანკის მიზანი ფასების სტაბილურობაა და ბანკის გადაწყვეტილებებიც ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება.
"მოსახლეობის კეთილდღეობისა და დასაქმებისათვის მნიშვნელოვანია დაბალი ინფლაციისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის კომბინაცია და არა ლარის გაცვლითი კურსის მოკლევადიანი დინამიკა. საქართველოში რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ზრდა გვაქვს და მომავალში მოსალოდნელია რომ ზრდა უფრო მაღალი იქნება. ინფლაცია არის დაბალი, რაც მიუთითებს რომ კურსს გრძელვადიან დინამიკაში გამყარების ტრენდი ექნება“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.