მსოფლიო ბანკი 2020 წლამდე საქართველოში საშუალოდ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, ბანკის პროგნოზით წლის ბოლომდე ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე - 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი 2020 წლისთვის 9%-მდე შემცირდება. მიმდინარე წლისთვის ბანკი საქართველოს ეკონომიკის 4,3%-ით ზრდას ელოდება, მომდევნო წელს 4,6%-ით, ხოლო 2020 წელს კი 5%-ით. მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს უმეტესად გაზრდილ ექსპორტს უკავშირებს. ჰანს ტიმერი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკის ზრდა საშუალოდ 4-5%-ია, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
„ვხედავთ ფისკალური პოლიტიკის გაუმჯობესებას, ასევე საკმაოდ დიდი ზრდა დავინახეთ ექსპორტში. ეს კი დაკავშირებულია ერთ საკითხთან რომელიც საქართველოში საკმაოდ არაპოპულარულია - ლარის გაუფასურებასთან. ლარის გაუფასურება გარდაუვალი იყო. მაკროეკონომიკურ ჭრილში კვლავ ვხედავთ მსხვილ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. იმპორტი კვლავ დიდია ქვეყანაში. რაც შეიძლება იყოს ელექტრონორგიის იმპორტითაც გამოწვეული, რომელიც საქართველოში იზრდება.
ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა, რაც გაზრდის ნდობას ეროვნული ვალუტის მიმართაც. ეს არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო პირობების გათვალისწინებით კურსი ყოველთვის ერთნაირი იქნება, - ის იქნება დამოკიდებული საერთაშორისო შოკებზე, მაგალითად როგორიც იყო ნავთობის ფასები 2014 წელს. ლარი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუფასურდეს და ამას ვერ შეცვლით, როგორიც არ უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი“, - ამბობს ჰანს ტიმერი.