ლარიზაციის პროექტის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციებზე დაწესებული რეგულაციების დარღვევებისთვის 1000-ლარიანი ჯარიმები დაწესდა. შესაბამის ბრძანებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მოაწერა ხელი.
შედეგად, ორგანიზაციები 1000-1000 ლარით დაჯარიმდებიან, თუ დაარღვევენ შემდეგ რეგულაციებს:
• ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით.
• მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში.
• სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
• თუ მეწარმე ან ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფი ნებისმიერი ფორმით იზიდავს ფულად სახსრებს 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან, მაშინ თითოეული ფიზიკური პირისგან მოზიდული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ნაკლები.