Home
Category
TV Live Menu

"ლატარიის ჩატარებაზე გამოცხადებული ტენდერი ქართულ კომპანიებს მასში მონაწილეობის გზას უღობავს"

580dc3967d2af
სალომე მეცხვარიშვილი
24.10.16 12:13
973
ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი გამოაცხადა. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 12 სექტემბერს მიიღო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილე კომპანიას 5 წლის განმავლობაში ლატარიის ორგანიზების მიმართულებით გამოცდილება მოეთხოვება.

ამასთან, სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია, წარუდგინოს სამინისტროს თავისი სატენდერო წინადადების უზრუნველყოფისათვის საბანკო გარანტია, რომლის ოდენობა შეადგენს 5,000,000 აშშ დოლარს.

ტენდერში მონაწილე პირებს ასევე მოეთხოვებათ, ბიზნეს გეგმისა და შემოსავლების გამომუშავების გეგმის წრადგენა. კომპანიამ უნდა წარადგინოს 1-5 წლების ბიზნეს გეგმა; 6-10 წლების ბიზნეს გეგმა; ფინანსური პროგნოზი ;ინოვაციური სტრატეგია; რისკები და მათი შემცირება.

პრეტენდენტს ასევე მოეთხოვება წარადგინოს 950-მდე სავაჭრო ობიექტების სავარაუდო ადგილმდებარეობა მთელი საქართველოს მასშტაბით.

ყველაფერთან ერთად პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტის ან მისი მფლობელის შემოსავლები ლატარიის საქმიანობიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში შეადგენს სულ მცირე 350 მილიონ ლარს

გამარჯვებულ პრეტენდენტს საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლება მიეცემა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში.

პრეტენდენტმა ინგლისურ ენაზე შედგენილი სატენდერო წინადადება უნდა წარადგინოს 2016 წლის 12 დეკემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათმდე.

ლატარიის კომპანიის ტენდერთან დაკავშირებით „ბიზნეკოტრაქტთან“ „გადასახადების გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარე გიგილა მიქაუტაძე საუბრობს.

მისი შეფასებით, სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის გზას უღობავს. მიქაუტაძის განმარტებით, ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის ლატარიის ჩატარების მიმართულებით საკმაოდ დიდ გამოცდილებას ითხოვენ, რაც ქართულ კომპანიებს არ გააჩნიათ.
„2009 წლიდან ერთადერთი კომპანია, ვისაც ლატარიის ჩატარების უფლება ჰქონდა, ეს იყო ლატარიის კომპანია, ამიტომ ასეთი ქართული კომპანია არ არსებობს. გამოცდილების მოთხოვნა ლოგიკურია, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ეს პირდაპირ უცხოურ კომპანიებზეა მორგებული“,- აცხადებს გიგლა მიქაუტაძე.

„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ თავმჯდომარეს ტენდერთან დაკავშირებით სხვა პრეტენზიებიც აქვს.

მისი შეფასებით, სატენდერო დოკუმენტაცია მონაწილე კომპანიებისგან საკმაოდ დეტალურ ინფორმაციას ითხოვს, როგორიცაა, ჯიხურების სავარაუდო ადგილმდებარეობა, ბიზნეს გეგმა, შემოსავლების სავარაუდო ოდენობა და ა.შ.

მიქაუტაძე ამბობს, რომ ამ ოდენობის ინფორმაციის დამუშავებს კომპანია 3 თვეში ვერ შეძლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიქაუტაძე ფიქრობს, რომ ტენდერში კონკურენცია მაღალი ვერ იქნება.


Subscribe to our news

Get the main news of the day