Home
Category
TV Live Menu

ლევან ალაფიშვილი: ესტონეთს ვედრებით, სადაც საჯარო სექტორის მოხელეთა რაოდენობა 30 000 -ს არ აღემატება

56f3d59585e4b
BM.GE
24.03.16 15:47
866
ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინამ იანვარ-თებერვლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილებების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მიმდინარე წლის ორ თვეში პირველი ორი კვარტლის გეგმასთან შედარებით 57, 8 პროცენტით არის შესრულებული. გადასახადების შესრულებამ კი გეგმის მიხედვით, 60 პროცენტი შეადგინა.
 
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ევროკავშირის დახმარების შეფერხება იმით არის გამოწვეული, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა.

ხელისუფლებამ ქვეყანაში მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს. აღნიშნულ თემაზე “ბიზნესკონტაქტთან“ იურისტი, ლევან ალაფიშვილი საუბრობს.

-როგორ წარმოგიდგენიათ, დღეს დღეისობით როგორია სურათი და აქედან გამომდინარე, ანგარიშგებაზეც ვისაუბროთ..

-შესავლისთვის აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისი და ორი თვე საბოლოო დასკვნებისთვის კარგი პერიოდი არ არის, მითუმეტეს ისეთ პარამეტრებში, როგორიცაა ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები და გრანტები. იმაზე მსჯელობა, თუ ბიუჯეტი სისტემურად რამდენად გამართულია, არის თუ არა ხარვეზები ამაზე მსჯელობისთვის არა თუ ეს პერიოდი, არამედ წლის დასაწყისიც ნებისმიერი საანგარიშო პერიოდისა სრული სურათის მოცემისთვის საკმარისი არ არის. ამ კონტექსტში მინდა, გავიხსენო 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემები, მაშინ პარლამენტში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ხაზი უნდა გავუსვა მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც წლის ბოლოს ასეთი რამ თქვა - მე 2014 წლის ბიუჯეტს მხარი დავუჭირე, იმიტომ რომ 2013 წლის ანგარიშის შესრულების პერიოდი რომ მოვა მაისში, მაშინ დავსვამ რატომ ვერ იქნა წინასწარ გათვალისწინებული რაღაც, რომელიც არ უნდა მომხდარიყო, ან შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის გათვლა. სამწუხაროდ, კითხვა პარლამენტის თავმჯდომარისთვის აღარ დაუსვამთ და აღარც პარლამენტში მოგვისმენია და ეს არის უმთავრესი, როდესაც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო მთავრობის კარგი გაგებით ოპონირებაზე არ ზრუნავს და ამ მიმართულებით სვლა არ არის, პირიქით მხარდაჭერა იყო.

-კარგია, რომ მაგალითისთვის 2013 წელი რომ მოიყვანეთ, თუმცა, ძირითადი ორი ნაკლოვანება იყო პირველი - მხარჯავი დაწესებულებების არასათანადო მუშაობა და მეორე - ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვა. გასაგებია, რომ 2 თვიანი დიაპაზონი მთლიანი სურათის დასანახად საკმარისი არ არის, დღეს დღეისობით ის შეცდომები აღმოფხვრილია თუ მაგალითად, 2013 წლის აჩრდილი კვლავინდებურად დაგვყვება?

-სამწუხაროდ ისევ არის. სისტემურობაზე იმიტომ ვიმსჯელე, რომ სავალუტო ფონდის მეორე და მესამე მიმოხილვა დასრულებული არ არის და ეს მთავრობამ წინასწარ იცოდა. ეს სექტემბერშიც იცოდა, როდესაც ბიუჯეტი დაიგეგმა და როდესაც მიიღეს კიდეც. ეს არის ფაქტი, რომლის გათვალისწინებაც მას შეეძლო. მაგრამ მთლიანი წლის შემოსავალი ამ ნაწილში 35 და 24 მილიონი პირველ კვარტალში დაგეგმა და განაცხადა, რომ მისიის საბოლოო დასკვნას მაისში ველოდებითო. მაისი რომ პირველი კვარტალი არ არის ეს ხომ ვიცით წინასწარ. რატომ მოხდა ეს ყველაფერი, აი ეს არის მთავარი. ზუსტად ესაა არასისტემურობა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არა სისტემურ, არამედ დიდ წილად სუბიექტურ მართვას. სისტემურად მოწესრიგებული საბიუჯეტო მართვა იგივე თუნდაც პროგრამული ბიუჯეტირება, გვახსოვს 2013 წელს ფინანსთა მინისტრმა და მთელმა მთავრობის პოლიტიკურმა გუნდმა საჯაროდ განაცხადა, რომ კი, ვაღიარებთ, რომ 2013 წლის ბიუჯეტი არ არის პროგრამული და დროის სიმცირით ახსნეს ეს და აღნიშნეს, რომ შემდგომი წლების ბიუჯეტი ნამდვილად იქნება პროგრამულიო. ერთი პარამეტრით გადავხედოთ და შევაფასოთ მომდევნო წლების ბიუჯეტები არის თუ არა პროგრამული. რა თქმა უნდა, არ არის.

-თანხების ათვისებასთან დაკავშირებით მხარჯავი დაწესებულებები დღეს მოწოდების სიმაღლეზე არიან, თუ გაუჩერებლად იმ რელსებს მივყვებით, რაზეც თუნდაც 2013-ში იყო ტენდენციები?

-როდესაც სუბიექტურ მართვაზე და არასისტემურობაზე ვმსჯელობთ, გასული პერიოდის მაგალითები გამოდგება თუ არა. 2013 წელს დეფიციტური ხარჯვის საბიუჯეტო პრობლემები და წლის ბოლოს განვითარებული მოვლენები გვახსოვს. სწორედ 2013 წლის პრობლემების გამო ჩვენმა მთავრობამ ბიუჯეტის დახმარების კრედიტის მისაღებად სავალუტო ფონდს მიმართა. სავალუტო ფონდი თავის დასკვნაში მიმართვის შემდეგ, პირდაპირ მიუთითებს, რომ სწორედ 2013 წელს ე.წ. ციკლურობამ თუ დეფიციტურმა ხარჯვამ წლის ბოლოს ის შედეგები გამოიწვია, რაც მივიღეთ და დღემდე საბოლოო ჯამში აღმოფხვრილი არ არის. 2013 წლის დასაწყისი ზუსტად დეფიციტური ხარჯვა იყო. მე არ მინდა იგივეს გამეორება და ამის ალბათობა ძალიან მაღალია. იმიტომ, რომ საარჩევნო წელია.

-ამ ყველაფერმა რა გავლენა შეიძლება ლარის კურსზე მოახდინოს?

-ღრმა ეკონომიკური ანალიზის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავლენა ექნება ეკონომიკაში განვითარებულ მოვლენების კვალობაზე, მითუმეტეს, როდესაც ფული არ გაქვს და არსებობს პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც გიწევს. პრობლემა უნდა გადაავადო ან ფული უნდა მოიზიდო, მაგრამ ფულს თუ ვერ მოიზიდავ ამ შემთხვევაში დაგეგმვაში და ხარჯვაში საბიუჯეტო მანიპულირება გიწევს. საბოლოო ჯამში კი ეს, რა თქმა უნდა ვალუტაზე აისახება. ვალუტა სხვა არაფერია უხეშად რომ შევადაროთ, ეს არის თერმომეტრი, რომელიც იმას ზომავს, რაც ხდება ეკონომიკაში.

ბიუროკრატიასთან დაკავშირებით, ამ მთავრობის უმთავრესი გამოწვევაა და ეს საჯაროდაც განაცხადეს, რომ რეალურად მთავრობა დააპატარაოს, ეფექტური გახადოს. რიცხვები მეტყველებენ ძალიან ბევრ რაღაცაზე, 2 მილიარდ 400 მილიონი მინიმუმს ვამბობ, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და სახელმწიფო აპარატში დასაქმებულთა შენახვას ხმარდებოდა 2014-2015 წლებში. რიცხოვნობა 274 000-ზე ავიდა. ესტონეთს ვედრებით და ესტონეთში 30 000-ს არ აღემატება საჯარო სექტორის მოხელეთა რაოდენობა. უმთავრესი გამოწვევაა მთავრობამ პოლიტიკური ნება გამოიჩინოს და მითუმეტეს წინა საარჩევნოდ უარი უნდა თქვას საჯარო სექტორში დასაქმების პოლიტიკაზე და გადასახადის გადამხდელთა ფულით, პოლიტიკური ლოიალობის მოპოვებაზე და ეფექტურ, გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვაზე და მართვაზე უნდა გადავიდეს. სხვას ვერაფერს ვერ მოასწრებს. უმთავრესი გამოწვევა, რისი მოსწრებაც შესაძლებელია ძირეულ რეფორმებზე კონცენტრირება და სტრატეგიების წარმოდგენაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day