"ყველა ის მიმართულება, რომელიც საინტერესო იყო ფერმერებისთვის, აგრო-სასურსათო სექტორში მომუშავე ბიზნესოპერატორებისთვის შენარჩუნდება", - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავიტაშვილმა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა. მისი თქმით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი ცვლილებებს განიცდის, თუმცა ერთიანი აგროკრედიტის პროექტი თავის სახელს შეინარჩუნებს. მისივე თქმით პროექტის ფარგლებში რამდენიმე სიახლე იგეგმება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლი გაძლიერდეს იმისთვის, რომ მეტი ღირებულება შეიქმნას და დარჩეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი ფერმერები და მეწარმეები უფრო კონკურენტუნარიანები იყვნენ“, - აცხადებს მინისტრი. მისივე თქმით, წახალისების ინსტრუმენტი თანადაფინანსების პროგრამებს გულისხმობს, რაც შეეხება ბიუჯეტიდან დარგის სუბსიდირებას, დავითაშვილის განცხადებით, "პირდაპირი სახით საფასო სუბსიდიას სახელმწიფო არ მიესალმება".
"მცირე და საშუალო ფერმერები, მეწარმეები, რა თქმა უნდა, უნდა გავაძლიეროთ, რომ ისინი ფეხზე მყარად იდგნენ და მათ მდგრადი განვითარება შეძლონ. ამისთვის მნიშვნელოვანია კოოპერაციის სახით მცირე მეწარმეების კონსოლოდირება, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რისთვისაც აუცილებელია ტექნოლოგიური აღჭურვა, გადაიარაღება, მომზადება, კომპეტენციის ზრდა და სხვადასხვა რგოლის გაძლიერება სწორედ იმისათვის, რომ მდგრადად განვითარებული სოფლის მეურნეობის სექტორი და არა ფასის სუბსიდირებაზე დამოკიდებული. ჩვენ ფასის სუბსიდიას ნელ-ნელა შევამცირებთ, თუმცა აქაც თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ, რადგან ეს მყისიერად არ მოხდება", - განაცხადა მინისტრმა.