"ვითიბი ბანკისა" და "საქართველოს ბანკის" შემდეგ დეპოზიტების დაზღვევის საჭიროებას ვერც "ლიბერთი ბანკი" ხედავს. როგორც ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილი "საქმის კურსის" კამერასთან განაცხადა, ამ ეტაპისთვის დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება არის დამატებითი ხარჯი, რომელიც ისევ მოსახლეობას დააწვება, რადგან ბანკი ასეთ სიტუაციაში მხოლოდ გამტარის ფუნქციას ასრულებს. "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს დეპოზიტებზე და გაზრდის სესხებზე.
"ჩემი და "ლიბერთი ბანკის" პოზიცია არის, რომ დღეს, ალბათ, ნაადრევი იყო დეპოზიტების დაზღვევის დაანონსება. შესაძლებელი იყო მისი გარკვეული ვადით გადაწევა, ძირითადი მიზეზი მაინც არის ის, რომ ეროვნული ბანკის ზედამხედველობა ნდობისმომცემია საზოგადოებისთვის. ფაქტია, რომ ბოლო წლების მანძილზე დაამტკიცა საბანკო სექტორმა თავის სიძლიერე. ამ ეტაპისთვის ასეთი დამატებითი ხარჯები არის ისევ მოსახლეობისთვის დადებული ხარჯი, რადგან ბანკი ასეთ შემთხვევებში ყოველთვის არის გამტარი. ჩვენი რჩევა იქნებოდა, რომ უფრო გვიან ეტაპზე დაწყებულიყო ასეთი რეფორმა - 2020-2022 წლისთვის. თუმცა, გასაგებია მთავრობის პოზიციაც, რადგან ევროდირექტივებით არის პირდაპირი მოთხოვნა ასეთი პროგრამის განხორციელებაზე, ჩვენც იძულებული ვართ გავყვეთ ამ გადაწყვეტილებას.
ჩემი პირადი მოლოდინია, რომ დეპოზიტებზე ცოტათი შემცირდება საპროცენტო განაკვეთები, სესხებზე კი გაიზრდება",- აცხადებს ალექსი ხოროშვილი.