ლიბერთი ბანკზე დავა სასამართლოში არ დასრულებულა. როგორც საქალაქო სასამართლოში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, ბანკის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ-ჯერობით არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტს ყადაღა ადევს. კერძოდ, ირინა ჯინჭარაძის სარჩელის თანახმად, ბანკის აქციათა 61 პროცენტი დაყადაღებულია.
ამ ეტაპზე ლიბერთი ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი, 73,02% "ლიებრთი ჰოლდინგ ჯორჯიას" ეკუთვნის. 4,79% კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლადო გურგენიძის საკუთრებაშია.
ამასთან, აქციათა 24.57%-ის ბენეფიციარი მესაკუთრეა დენის კოროტკოვ-კოგონოვიჩი. იგივე წილს ფლობს მალიკ იშმურატოვი, ხოლო 9.04%-ის ბენეფიციარი მესაკუთრე ალექსეი იუსფინია.
ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენაზე განცხადება დღეს "ჰანიველ პარტნერსის" მმართველმა პარტნიორმა გააკეთა. "ჩვენ ეხლა ვუყურებთ "ლიბერთი ბანკს" და იმედია მალე მოვახერხებთ გამოცხადაებას, რომ ვიყიდეთ საკონტროლო პაკეტი ამ ჯგუფში", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
თავად ბანკში აქციების შესაძლო გაყიდვაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ და აღნიშნავენ, რომ "ლიბერთი ბანკი" ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
"ბანკის სტაბილურად კარგი შედეგებიდან გამომდინარე, ინვესტორთა დაინტერესება ბანკის აქციების შეძენით გასაკვირი არ უნდა იყოს, და ზოგადად მისასალმებელია, თუმცა ნებისმიერი გარიგება ბანკის აქციონერების პრეროგატივაა", - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.