კომპანია ეივონ (AVON) კოსმეტიკს საქართველოს დირექტორმა სერგეი ოსადჩიმ და ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, ლიბერთი ბანკი ჩაერთვება კომპანია ეივონის კამპანიაში, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობამდე ძუძუს კიბოსა და მისი პრევენციის ზომების შესახებ ინფორმაციის მიტანას. დამატებით, კომპანია ეივონი უზრუნველყოფს ქალბატონთა უფასო კონსულტაციას, ექოსკოპიურ და მამოგრაფიულ გამოკვლევებსა და დიაგნოსტიკას, მობილური კლინიკის საშუალებით.
კამპანიაში ჩართვით, ბანკი გამოიყენებს საკუთარ პლატფორმას და ინფორმაციას მიაწოდებს მოსახლეობას, არა მარტო ქალაქებში, არამედ სოფლებშიც, სადაც სამედიცინო ინფრასტრუქტურა სათანადოდ არ არის განვითარებული და ქალბატონებს ხელი არ მიუწვდებათ უფასო სკრინინგის პროგრამებთან. ლიბერთი ბანკი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო მასალების გავრცელებას და ასევე ინფორმაციას მიაწოდებს მოსახლეობას მათ რეგიონში კომპანია ეივონის მობილური კლინიკის ვიზიტის შესახებ.
1992 წლიდან კომპანია AVON აქტიურად ახორციელებს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას მთელ მსოფლიოში. 2016 წლის 15 აგვისტოდან, კომპანიამ მობილური კლინიკის საშუალებით დაიწყო რეგიონებში ვიზიტი, სადაც ქალბატონები იღებენ უფასო კონსულტაციას და დიაგნოსტიკას თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის გამოყენებით. კამპანია დაიწყო რაჭაში და გაგრძელდება სვანეთში, გურიასა და სამეგრელოში.
პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში მცხოვრები ქალბატონები მიიღებენ როგორც მამოლოგის უფასო კონსულტაციას, ასევე პირველად ექნებათ შესაძლებლობა ჩაიტარონ უფასო მამოგრაფიული და ექოსკოპიური გამოკვლევები.
„ლიბერთი ბანკის მხარდაჭერა ამ კამპანიაში უდაოდ ღირებულია და მნიშვნელოვანია, რადგან უფრო მეტი ქალბატონი შეიტყობს მობილური კლინიკის მომსახურების შესაძლებლობის შესახებ და ასევე მიიღებენ საგანმანათლებლო მასალებს ძუძუს კიბოს პრევენციის ზომების შესახებ“ - აღნიშნა კომპანია ეივონის დირექტორმა, სერგეი ოსადჩიმ.
„მოხარული ვართ, რომ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში გარკვეულ წვლილს ჩვენც შევიტანთ. კომპანია ეივონთან ერთად განვახორციელებთ ასევე სხვა ღონისძიებებს, რომელიც ხელს შეუწყობს ძუძუს კიბოს და მისი პრევენციის შესახებ ცნობადობის გაზრდას საქართველოში“ - აღნიშნა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.
სოციალურ ქსელებში, ინფორმაცია აღნიშნულ კამპანიაზე შეგიძლიათ გააზიაროთ შემდეგი #-ით: #ვარდისფერიბაბთა #შეღებექვეყანავარდისფრად #ვარდისფერიოქტომბერი