პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქტების მწარმოებელმა ქარხანამ MCB GEORGIA "აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლა და აღებული 300 000 აშშ დოლარით საწარმო გააფართოვა. საკონდიტრო ინდუსტრიაში კომპანიის გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ’’საქმიან დილასთან“ კომპანია MCB GEORGIA-ს გენერალური დირექტორი ალექსანდრე რატიშვილი საუბრობს.
-ბატონო ალექსანდრე, კურსთან, ფისკალური პოლიტიკის გადახედვასთან და ფასების ზრდასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა თქვენს საწარმოს გარკვეული პრობლემები შეუქმნა, სად ხედავთ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს?
-ამ კითხვას კარგა ხანია ვსვამთ არა მარტო მე, არამედ ჩემი კოლეგები და უნდა ვაღიაროთ, რომ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. თუ ერთ კონკრეტულ პრობლემაზე ვსაუბრობთ, რომელიც ვალუტის კურსის დევალვაციას შეეხება კი ბატონო, თუმცა სხვა ტიპის პრობლემებიც არსებობს, რომელიც თუნდაც პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარად გახდომის შემდეგ შეგვხვდა. კურსს რაც შეეხება, ეს მხოლოდ მე და ჩვენს კომპანიას არ ეხება. ჩვენ სესხი ვალუტაში ავიღეთ და იმაზე საუბარი, რომ ჩვენ შემთხვევაში ლარში ჯობდა სესხის აღება, გამართლებული არ არის, რადგან კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ წარმოებას ტექნოლოგიებისა და დანადგარების შემოტანით სჭირდება განვითარება. ასეთი დანადგარები ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში არ იწარმოება და საზღვარგარეთიდან უნდა შემოვიტანოთ. გამოდის, რომ მომავალშიც თუ დაგვჭირდება სესხი ყველა შემთხვევაში უცხოურ ვალუტაში უნდა ავიღოთ. ლარში რომ ავიღოთ იქვე ბანკში კონვერტაცია უნდა გავაკეთოთ, ამის შემდეგ გადარიცხვა, რაც კიდევ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუ კურსი სტაბილური არ იქნება, ძალიან რთული იქნება იმის დაგეგმვა, რა უნდა გავაკეთოთ 1 ან 2 წლის შემდეგ. ჩვენ კომპანიას 300 000 აშშ დოლარის სესხი აქვს, რაც საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვან თანხად შეიძლება ჩაითვალოს. მე ვიცი ჩემი მეგობრები, რომლებმაც ამ პროგრამის ფარგლებში სესხი აიღეს და ვთქვათ, მაგალითისთვის მილიონდოლარიანი სესხი აქვთ. 1,8 კურსის პირობებში ეს მილიონ 800 ათასი ლარი იყო და დღევანდელი მდგომარეობით, 2 მილიონ 800 ათასი ლარია. გასაგებია, რომ ეს დროში გაწელილია და 2, 3, ან 5 წლიანია, მაგრამ უცბად დაახლოებით ამ წუთის მდგომარეობით, მხოლოდ და მხოლოდ კურსთა შორის სხვაობის გამო ბანკთან 1 მილიონი ლარის ვალდებულება წარმოიქმნა. ამიტომაც გაჩნდა ეს პრობლემები და საიდან მოვიტანოთ ახლა ჩვენ ეს განსხვავება? ეს მაგალითისთვის, რაც უშუალოდ ჩვენს კომპანიას არ ეხება.
უფლებამოსილი ვარ, მწარმოებელთა ფედერაციის სახელით ვისაუბრო, სადაც ჩემი კოლეგები, მწარმოებლები არიან გაერთიანებული, მათ შორის, აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები და ეს პრობლემა ყველას აქვს. როგორ უნდა მოვიქცეთ, ამაზე პასუხის გაცემას მე ნუ მომთხოვთ. მე პრაქტიკულ საქმიანობაში ვარ ჩართული, ბაზარზე 18 წელია ვმუშაობთ და საკმაოდ რთულ სეგმენტში ვვითარდებით, ანუ ჩვენ ჩვენი საქმიანობა სწორად გვაქვს დაგეგმილი და უცბად ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, წარმოუდგენელი სიდიდის ვალდებულება გვიჩნდება, რომელიც არ ვიცით, როგორ უნდა გადავჭრათ. ამ ვალდებულების დაფარვის ერთადერთ გზა ფასების გაზრდაა. ასევე, შიგნით კომპანიაში ხარჯების შეკვეცაც შესაძლებელია, რაც მომსახურე პერსონალის შემცირებას ან ხელფასების დაწევას ნიშნავს. მესამე გზა კი რაღაც მიმართულებით სახელმწიფოს ჩართვაა. აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ "აწარმოე საქართველოს" ხელმძღვანელობასთან მქონდა შეხვედრა და ნამდვილად დავადასტურებ, რომ მათი ინიციატივით იყო ეს შეხვედრა ორგანიზებული. მათ შემოგვთავაზეს, რომ წარმოქმნილ პრობლემაზე ერთად ვიფიქროთ და გამოვნახოთ მისი გადაჭრის გზები. ეს არამხოლოდ ჩვენი პრობლემაა, არამედ ყველა იმ კომპანიას ეხება, ვისაც სესხი აქვს. არადა, ვერავინ დაასახელებს სერიოზულ კომპანიას, რომელსაც დღეს სესხი არ აქვს. თუ განვითარებაზე ფიქრობ, ფინანსირება ყოველთვის გჭირდება, რისი პირველი წყაროც ბანკიდან სესხის აღებაა.
-რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე თქვენთან ერთად, სხვა მწარმოებლებიც იყვნენ წარმოდგენილი, თუ ინდივიდუალურად ხდება ეს შეხვედრები და გამოსავლის ძიება?
-მე მიმიწვიეს და დარწმუნებული ვარ, რადგან მე მიმიწვიეს ეს საკითხი დგას და ალბათ სხვა კომპანიებსაც აუცილებლად შეხვდებიან.
-თქვენ გამოსავლის რამდენიმე ვარიანტი ჩამოთვალეთ, ერთ-ერთად ფასების გაზრდა, ასეთ შემთხვევაში რამდენად კონკურენტუნარიანად დარჩებით მაგალითად, იგივე "მაკდონალდსისთვის", რომელსაც პროდუქციას აწვდით?
-კარგი შეკითხვაა, სწორად მიაგენით ერთ-ერთ დიდ პრობლემას. „მაკდონალდსმა“ უკვე დიდი ხანია ’’აწარმოე საქართველომდე“ მოკიდა ხელი ამ თემას. 2009 წლიდან მისი ფუნთუშების უმეტესი ნაწილი უკრაინიდან შემოდის და მათი არგუმენტი იყო ფასი. ამას მე კრიტიკით არ აღნიშნავ, ჩვენ პარტნიორები და მეგობრები ვართ და ისიც ბიზნესია, რომელსაც თავისი წესები აქვს.
-თქვენს დანახარჯებს რა ზრდის?
-კურსის თემაზე უკვე ვისაუბრეთ და აღარ დავუბრუნდეთ ამ საკითხს, ეს გასაგებია. ამ პროგრამის ფარგლებში არსებული სხვა პრობლემები განვიხილოთ. უდიდესი საქმე გაკეთდა ამ პროექტით მთავრობის მხრიდან, მსგავსი რამ ჩვენ მწარმოებლებს არც დაგვსიზმრებია. ჩვენთვის ასეთი ხელშეწყობა ნამდვილად წარმოუდგენელი იყო და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ეკონომიკის სამინისტროს. ავიღეთ სესხი და პროგრამაში ჩავერთეთ. მერე მერიაში წავედით, რომ პროექტზე თანხმობის მიმართვა მიგვეღო. ლილოში საწარმოს აშენებაზე ნებართვის ასაღებად დაახლოებით ოთხ თვეზე ცოტა მეტი დაგვჭირდა. საუბარია კახეთის გზატკეცილზე და არა ცენტრში, რუსთაველზე კორპუსის აშენებაზე. ზაფხულის თვეები გადიოდა და არა მშენებლობის, არამედ უბრალოდ მიწის სამუშაოების დაწყებას ვჩქარობდით. ზუსტად მეორე დღეს ზედამხედველობის სამსახური მოვიდა და 8 000 ლარით დაგვაჯარიმეს. ქვეყანაში, სადაც მთავრობა ამხელა დახმარებას უწევს მეწარმეს, მისი მეორე შტო მიდის და უმნიშვნელო დარღვევაზე 8000 ლარით აჯარიმებს, იმის გამო, რომ ნებართვის აღება ამდენი ხანი გაიწელა. როგორც იქნა, ვეღირსეთ ნებართვას. შემდეგ „ყაზტრანსგაზში“, ’’ენერგოპროში“ და ა.შ. შეერთების პროექტის დამტკიცებას, რომელიც განაცხადის შემდეგ, კანონით ორ თვეში უნდა მოხდეს, ოთხი თვე მოვანდომეთ. „აწარმოე საქართველოს“ მოცემული ორი წლიდან, რვა თვე ასეთ უაზრობაში დაიკარგა. მერე მშენებლობას იწყებ, ამასაც თავისი ვადები სჭირდება და ჩავთვალოთ, რომ მშენებლობამ, ნებართვებმა და ა.შ. წელიწადი წაიღო. აღნიშნული საკითხიც სერიოზულად არის მისახედი, ეს ე.წ. ბუნებრივი მონოპოლიებია. როდესაც სახელმწიფო ერთი მხრივ, ხელს გიმართავს და აცხადებს, რომ ყველანაირად მხარს უჭერს წარმოების განვითარებას, მეორე მხრივ, ბუნებრივი აირის მილის შემოყვანაზე კომპანიას ოთხ თვეს აკარგვინებს, ან თუნდაც ორ თვეს. ასეთ შემთხვევაში ეს ვერანაირად ვერ იქნება ხელშეწყობა. ეს პრობლემა არანაირად არ ეხება "აწარმოე საქართველოში" პროგრამას და მეწარმეობის განვითარების სამინისტროს სააგენტოს, მაგრამ ერთიანად მთავრობას ეხება და რეგულაციების საჭიროებას აქ აშკარად ვხედავ. ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ჩემი სახელით არ ვსაუბრობ. მეწარმეების წრეში განხილვები და მსჯელობები ყოველდღიურად მიმდინარეობს და ჩვენ ჩვენს შიგნით ვეძებთ გამოსავალს. კიდე ერთ პრობლემას მინდა ხაზი გავუსვა - პროდუქციის გამოშვების შემდეგ, ქარხნებმა რამდენიც არ უნდა აწარმოონ პროდუქტი, თუ არ გაყიდეს აზრი არ აქვს. მეწარმეების ამოცანაც სწორედ ნაწარმის სარეალიზაციო ქსელებში მიტანაა. იქაც გადახდების თვეობით დაგვიანება ხდება. ზოგიერთ შემთხვევაში ერთი თვე, ზოგან - ორი თვე და ა.შ. კონტრაქტში რაც წერია, ამას ვერ იცავენ და მე მესმის, ისინიც ბიზნესია და მე, როგორც ბიზნესმენი გულწრფელად ვიტყვი, რომ ყველა ბიზნესის გულშემატკივარი ვარ, იმიტომ რომ დღევანდელ სიტუაციაში ყველას პრობლემები გასაგებია ჩემთვის. თუმცა, არ მესმის წარმოებისადმი ასეთი დამოკიდებულების, როდესაც თვეობით არ შემოდის გაყიდული პროდუქციის თანხა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ წარმოება როგორ უნდა შევინარჩუნოთ?! უმძიმესი პრობლემებია. ჩვენ კიდევ ბაზა გაგვაჩნია და ახალ წარმოებას რომ ორი თვე ფულს არ მისცემ, როგორ უნდა განვითარდეს ან საერთოდ იარსებოს?! ეს, რა თქმა უნდა, ყველა ქსელს არ ეხება, არის ქსელების მცირე ნაწილი, რომელიც თავის საქმეს პირნათლად ასრულებს. უზარმაზარი ვალების დაგროვების შემდეგ, კომპანიებს ტრადიციულად გაკოტრებაზე შეაქვთ საქმე და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 100 000 ლარის ნაცვლად შესაძლოა 500 ლარი შეგხვდეს.