Home
Category
TV Live Menu

"ლირას გაუფასურება არ უნდა იწვევდეს ავტომატურად ლარის გაუფასურებას დოლარის მიმართ"

585e58f731ddc
BM.GE
24.12.16 15:13
1058
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, გაცვლითი კურსის ბოლო პერიოდის გაუფასურების მიზეზების ფუნდამენტური ფაქტორები, - აშშ დოლარის გლობალური გამყარება და თურქული ლირას გაუფასურებაა. მიზეზებს შორის მოლოდინების ერთობლიობაც სახელდება. მიუხედავად ფუნდამენტური ფაქტორებისა, წინასწარი შეფასებით მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას რაციონალური მოლოდინები განაპირობებს. იგივე განცხადების მიხედვით, ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შესარბილებლად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ისე, რომ ლარის კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებთან შესაბამისობაში დარჩეს. აღნიშნულ თემაზე ’’საქმიან დილასთან“ ფინანსისტი ვასილ რევიშვილი საუბრობს.

- ბატონო ვასილ, ეროვნული ბანკის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით როგორი იყო თქვენი პირველი რეაქცია?

- ეროვნული ბანკის განცხადებებს დიდი ემოციით არ ვუდგები, ვცდილობ, გავაანალიზო რისი თქმა უნდათ. განცხადებაში ჩამოთვლილი ფაქტორებია სწორედ ის ფაქტორები, რომლებიც კურსს განაპირობებენ, იქნება ეს საგარეო შიდა თუ მოლოდინები. საგარეო ფაქტორებიდან რომ დავიწყოთ ცოტა ალბათ მაინც არასწორი განცხადება გამოდის, რადგან თურქული ლირას გაუფასურება თავისთავად არ უნდა იწვევდეს ავტომატურად ლარის გაუფასურებას დოლარის მიმართ. როდესაც საგარეო ფაქტორებს ვაფასებთ, ნომინალურ გადაცვლის კურსს უნდა შევხედოთ. ქვეყნდება თვითონ ეროვნული ბანკის მიერ ნომინალური გადაცვლის კურსი, რაც საშუალო შეწონილ ლარის კურსს ნიშნავს, ძირითადი სავალუტო პარტნიორების ვალუტებთან. ეს ძირითადად არის ევრო, თურქული ლირა, რუსული რუბლი და მცირე რაოდენობით სხვა ვალუტები. ეს კურსი დაეცა, თვის დასაწყისიდან 8%-ით არის შემცირებული ლარის საშუალო კალათასთან. აქ საუბარი არა მხოლოდ დოლარის გაძლიერებაზეა, არამედ ლარის გაუფასურებაზე. გამოწვეულია თუ არა ეს არარაციონალური მოლოდინებით? მე ვიტყოდი, რომ სწორედ რაციონალიზმი გამოიხატება იმაში, რომ ვთქვათ მოლოდინები წინასწარ ფასდება. დიდი ალბათობით ფუნდამენტური ფაქტორები დეკემბერში ოდნავ გაუარესდება, ვინაიდან ნავთობის ფასი გაიზარდა, რაც იმპორტის მოცულობის გაზრდას იწვევს. მოხმარება არ გაიზრდება ისე, როგორც წინა წლებში გვეხმარებოდა. ჩვენ მიჩვეული ვართ, რადგან ნათქვამია ხოლმე, რომ დეკემბერში კურსი მყარდება, რადგან დეკემბრის ბოლოს ადამიანები დოლარს ახურდავებენ და ხარჯავენ.

- რა არის ფუნდამენტური ფაქტორები?

- ექსპორტ-იმპორტის ბალანსს, გადმორიცხვებს, ტურიზმისა და ინვესტიციების შემოდინებას თუ შევხედავთ, დაახლოებით ისეთივე სიტუაციაა, როგორც შარშან. ალბათ სწორედ ამაზეა აპელაცია და აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კურსი უნდა გაუმჯობესდეს. უბრალოდ იმაზე საუბრობენ, რომ ამდენადაც არ უნდა გაუფასურებულიყო. 2015 წელთან შედარებით ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძალიან არ გაუარესებულა.

- მოლოდინები ვინ შექმნა?

- ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე რა კურსიც უნდა იყოს ის კურსი დღეს არ არის, რადგან რაციონალურ მოლოდინებს არ ემორჩილება. ინფორმაცია ეროვნული ბანკთან, მთავრობასთან უფრო ადრე მიდის, ვიდრე ჩვენთან და ამ ინფორმაციას კარგი გამოყენება უნდა. ამ ინფორმაციის საფუძველზე ეროვნულ ბანკს განაცხადის გაკეთება შეუძლია, რომელიც გამართლდება. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ეროვნულ ბანკზე. მთავრობასაც ანალოგიური სენი სჭირს, ვითომ ხალხის დასამშვიდებლად აკეთებს განცხადებებს, რომელიც მართალი არ არის, რაც თვითონაც ძალიან კარგად იციან, შესაბამისად ნდობა იკარგება. ყველას კარგად ახსოვს ალან გრინსპენი, რომელსაც ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, თუმცა რასაც იტყოდა ყველაფერი მართლდებოდა. სწორედ ამიტომ მის სიტყვას ძალა ქონდა. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაც ხდება ხოლმე და იმიტომ, რომ მათ სიტყვას ძალა დაეკარგა.

- რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაცია?

- უპირველესად, აღვნიშნავ, რომ ლარიზაციის ძალიან მომხრე ვარ, ანუ იმ ლიბერალურ ბანაკში, ვარ, რომელიც ლარიზაციას უწევს ადვოკატირებას. ვფიქრობ, რომ განცხადება უდროო დროს და არასწორად იყო წარმოდგენილი. სწორია მკაცრი და ცოტა მტკივნეული ნაბიჯები ლარიზაციისთვის, რაც გამოიწვევს იმას, რომ ლარი შეიძლება გაუფასურდეს, მაგრამ იმდენად მტკივნეული არ იქნება მოსახლეობისთვის. ვინაიდან მცურავი კურსია ლარის კურსი შესაძლოა ზოგჯერ გაიზარდოს, ზოგჯერ შემცირდეს, თუმცა ეს ჩვენ იმდენად არ უნდა გვაწუხებდეს, რამდენადაც გვაწუხებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ლარიზაცია გამოსავალია. აქ აკადემია თეორიულადაც ორ მხარედ არის გაყოფილი, დისკუსია ძალიან შორს წაგვიყვანს მიზეზებს რომ ჩამოვყვეთ, მაგრამ მარტივად ვიტყვი. ამას წინათ ეროვნული ბანკის წარმომადგენელს გიორგი ბაქრაძეს მოვუსმინე, რომელმაც საზოგადოებისთვის სწრაფად გასაგებად ახსნა, რომ ჩვენი დოლარზე გადასვლა კურსის სტაბილურობას არ გამოიწვევს. იმიტომ, რომ თურქული ლირა, რუსული რუბლი და სხვა ვალუტებიც ვახსენეთ და მხოლოდ დოლარი არ არის ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. შესაბამისად ჩვენ რომ დოლარზე გადავიდეთ, სწორედ ისევე იქნება დოლარი ვთქვათ თურქული ლირას კურსის ცვალებადი, როგორც დღეს არის ან დაახლოებით ისე, როგორც ლარი თურქული ლირას მიმართ.

Subscribe to our news

Get the main news of the day