ქართულმა საინვესტიციო კომპანია GSA INVEST-მა მისი შვილობილი კომპანია AGRO+ -ის მეშვეობით განახორციელა მორიგი საინვესტიციო პროექტი დასავლეთ საქართველოში. კომპანია AGRO+ -ის მიერ შეძენილი იქნა 10 ჰა სასოფლო სამეურნეო ტერიტორია წყალტუბოს რაიონის სოფელ გუბისწყალში, სადაც 1 წლის განმავლობაში გაშენდა ლურჯი მოცვი.
ტერიტორიაზე დარგულია 28 500 ძირიდა მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. AGRO+ -ის მიერ ინვესტირებული თანხა შეადგენს 334 900 ლარს. პროექტის განხორციელებისას სხვადასხვა ეტაპზე დაკავებული იყო 30 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ამჟამად მუდმივად მუშაობს 12.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის დანერგე საქართველოს ფარგლებში, საიდანაც კომპანიას გრანტის სახით გადაეცა 100’000.00 ლარი ნერგების შესაძენად და საირიგაციო სისტემის დასამონტაჟებლად. კომპანია AGRO+ -ში აცხადებენ, რომ აღნიშნული პროექტი განხორციელდა როგორც საპილოტე ვერსია და უახლოეს მომავალში დაგეგმილია მეურნეობის ტერიტორიის გაფართოება, პროდუქციის დასახარისხებელი და სამაცივრე მეურნეობის მოწყობა, რომელიც მოემსახურება როგორც თავად მეურნეობას ასევე რაიონში მოქმედ ფერმერებს. შეგახსენებთ: GSA INVEST ინვესტიციებს ასევე ახორციელებს ჰიდრო და სასტუმრო ბიზნესში.
(R)