საქართველოში სულ მობილური კავშირის მომხმარებელი 4 მილიონ 934 ათას 281 აბონენტია. 2016 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი აბონენტი კომპანია "მაგთიკომს" ჰყავს. "მაგთიკომის" ქსელში მილიონ 987 ათასი აბონენტი ფიქსირდება. „ჯეოსელში“ მილიონ 716 ათასი. მესამე ადგილზეა "მობიტელი"(ბილაინი) მილიონ 206 ათასი აბონენტით.
შესაბამისია კომპანიების შემოსავლები თვეების მიხედვითაც. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანალიტიკური პორტალის მონაცემებით, 16 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის პერიოდში სატელეკომუნიკაციო კომპანიების შემოსავალმა 32 მილიონ 262 ათას ლარს გადააჭარბა. წლის განმავლობაში ყველაზე შემოსავლიანი ივნისი-აგვისტოს პერიოდი იყო, როდესაც მობილური კომპანიების შემოსავლებმა მთლიანობაში 37 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ყველაზე მეტი შემოსავალი კომპანია "მაგთიკომს" უფიქსირდება - 15 მილიონ 785 ათასი ლარი. "ჯეოსელის" შემოსავლები 5 მილიონით ჩამორჩება კონკურენტის საერთო შემოსავლებს. ბოლო მონაცემებით, „ჯეოსელმა“ ამ პერიოდში 10 მილიონ 701 ათასი ლარი მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ "მაგთიკომისა" და "ჯეოსელის" აბონენტებს შორის განსხვავება არც ისე დიდია, ხმოვანი მომსახურების შემოსავლების მიხედვით განსხვავება საკმაოდ მაღალია. კომპანია „მაგთიკომს“ 16 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის პერიოდში თითქმის სამჯერ მეტი შემოსავალი აქვს მიღებული. ამ პერიოდისთვის "მაგთიკომის" შემოსავალმა 15 მილიონ 804 ათასი შეადგინა, "ჯეოსელისამ" კი 5 მილიონ 907 ათასი. კომპანია „მობიტელის“ შემოსავალი კი ხმოვანი მომსახურებიდან 3 მილიონ 44 ათასი ლარი იყო.
აბსოლუტურად განსხვავებულია მდგომარეობა მობლური ინტერნეტიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით. ამ შემთხვევაში ლიდერი "ჯეოსელია". მაგალითად, 16 ოქტომბრიდან 16 ნოემბრის მონაკვეთში მობილური ინტერნეტიდან კომპანიამ 3 მილიონ 709 ათასი ლარი მიიღო, "მაგთიკომის" შემოსავალმა 2 მილიონ 302 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო „მობიტელისამ“ 816 ათასი ლარი.