Home
Category
TV Live Menu

"მაგთიკომმა" "დელტაკომი" ოფიციალურად იყიდა

583428c7bb327
BM.GE
22.11.16 15:13
1219
21 ნოემბერს მაგთიკომსა და დელტაკომს შორის მაგთიკომის მიერ დელტაკომის 100%-იანი წილის შესყიდვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ინფორმაციას კომპანია „მაგთიკომი“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 19 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივი განცხადებით შპს „მაგთიკომმა“ და შპს „დელტაკომმა“ მიმართეს. კომპანიებმა შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „დელტაკომის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე კომისიისგან წინასწარი თანხმობა მოითხოვეს.

„აღნიშნული განცხადების საფუძველზე, ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის გამოკვლევის მიზნით, კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეისწავლა აღნიშნული გარიგების დეტალები და დაადგინა, რომ შპს „დელტაკომის“ წილის 100 პროცენტის შპს „მაგთიკომის“ მიერ შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

შესაბამისად, ამა წლის 18 ნოემბერს მიზანშეწონილად ჩათვალა ოფიციალური თანხმობა განეცხადებინა მაგთიკომის მიერ დელტაკომის შესყიდვის თაობაზე. შპს „დელტაკომი“ ადგილობრივი დაშვების ფიქსირებული და მაგისტრალური ქსელების მფლობელი ინტერნეტპროვაიდერია. კომპანიას ინფრასტრუქტურა შემდეგ გეოგრაფიულ ერთეულებში აქვს: თბილისი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი“,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მაგთიკომისთვის წელს ეს უკვე მეორე მსხვილი გარიგებაა. მაგთიკომმა კავკასუს ონლაინის საცალო და კორპორაციული საოპერაციო აქტივები შეიძინა და მანამდე არსებულ ბიზნეს მიმართულებებს (მობილურ, ფიქსირებულ ტელეფონიას და სატელიტურ ტელევიზიას) ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი და IP ტელევიზია დაუმატა. დელტაკომის შესყიდვის შემდეგ, მაგთიკომი ინტერნეტის რეგიონალური წვდომის არეალის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს, რაც, კომპანიის შეფასებით, როგორც მომხმარებლებს, ისე ტელესაკომუნიკაციო დარგს და მთლიანად ქართულ ეკონომიკას სასიკეთო შედეგებს მოუტანს. დელტაკომი საწყისი პერიოდის განმავლობაში თავისი სახელით გააგრძელებს ოპერირებას. შესაბამისად, დელტაკომის არსებული მომხმარებლებიც მომსახურებას უწყვეტ რეჟიმში ისევ დელტაკომისგან მიიღებენ. მაგთიკომი საქართველოში პირველი და ერთადერთი ოპერატორია, რომელიც 3 მილიონამდე მომხმარებელს სრულ ტელესაკომუნიკაციო მომსახურებას აწვდის: მობილურ და ფიქსირებულ ტელეფონიას, სატელიტურ და IP ტელევიზიას, ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს.

Subscribe to our news

Get the main news of the day